თბილისი (GBC) - ბრიტანეთის პოლიტიკურ კულუარებში დრამატული მოვლენები ვითარდება. გამოცემა POLITICO საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, სავარაუდოდ, დღესვე, ორშაბათს გამოაცხადებს თანამდებობიდან წასვლის კონკრეტულ განრიგს. ეს გადაწყვეტილება სტარმერის გაპრემიერებიდან ორ წელზე ნაკლებ დროში იქნება მიღებული. ვესტმინსტერში მის სავარაუდო მემკვიდრედ მანჩესტერის გავლენიან მერს ენდი ბერნემს ელოდებიან, რომელიც პარლამენტის წევრის ფიცს დღეს ნაშუადღევს დადებს.

სტარმერის ავტორიტეტი პარტიის შიგნით პრაქტიკულად ამოიწურა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ჯერ კიდევ პარასკევს აცხადებდა, რომ ნებისმიერ გამოწვევას შეებრძოლებოდა, შაბათ-კვირას თავის რეზიდენციაში (ჩეკერსში) გატარებული კონსულტაციების შემდეგ, მისი პოზიციები მკვეთრად შესუსტდა.

დაუნინგ-სტრიტზე ადასტურებენ, რომ პრემიერ-მინისტრი იძულებულია თვალი გაუსწოროს მძიმე პოლიტიკურ რეალობას, ვინაიდან მან საკუთარი მინისტრთა კაბინეტის ნდობა დაკარგა.

კაბინეტის ამბოხი და უახლოესი მოკავშირეების დუმილი

POLITICO-ს ინფორმაციით, პარასკევს გამართულ პირად შეხვედრებზე საგარეო საქმეთა მდივანმა ივეტ კუპერმა და ტრანსპორტის მდივანმა ჰაიდი ალექსანდრემ პრემიერს პირდაპირ მოუწოდეს, წასვლის გეგმა შეემუშავებინა, რათა თავიდან აეცილებინა „საჯარო შერცხვენა“. მანამდე მის გადადგომას მხარს უჭერდნენ ენერგეტიკის მდივანი ედ მილიბენდი და შინაგან საქმეთა მდივანი შაბანა მაჰმუდი.

სიტუაციის სიმწვავეზე მიუთითებს ისიც, რომ აქამდე სტარმერის თავგამოდებული დამცველი თანაშემწეები ახლა თვალში საცემ დუმილს ინარჩუნებენ, ხოლო კულუარებში უკვე განიხილება ძალაუფლების გადაბარების სცენარები.

პარალელურად, პროცესებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც, რომელმაც Truth Social-ზე დაწერა, რომ სტარმერი „გადადგება“ და ტრადიციულად გააკრიტიკა ლეიბორისტების მიგრაციის და ენერგეტიკული პოლიტიკა.

კორონაცია თუ ახალი პოლიტიკური ექსპერიმენტი?

ვესტმინსტერში ახლა მთავარი კითხვაა: ჩატარდება თუ არა პარტიაში შიდა არჩევნები, თუ მოხდება ენდი ბერნემის ე.წ. „კორონაცია“ უალტერნატივო ლიდერად.

ბერნემის ბანაკი აცხადებს, რომ მას ლეიბორისტების 403 დეპუტატიდან 200-ზე მეტის გარანტირებული მხარდაჭერა აქვს (ბრძოლის დასაწყებად 81 ხმაა საჭირო).

ჯანდაცვის ყოფილი მდივანი უეს სტრიტინგი აცხადებდა, რომ დაუპირისპირდებოდა ბერნემს, თუმცა ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მას საკმარისი ხმები არ აქვს და ახალ კაბინეტში თანამდებობის სანაცვლოდ გარიგებაზე წავა.

თუმცა, ბერნემის შესაძლო პრემიერობა ლეიბორისტების ნაწილში შიშს იწვევს. მისი მემარცხენე ფრთისადმი მიდრეკილება და ეკონომიკური ხედვები ბევრისთვის სარისკო ექსპერიმენტად აღიქმება. კერძოდ, მისმა ეკონომიკურმა მრჩეველმა ჯიმ ო’ნილმა (Goldman Sachs-ის ყოფილმა ეკონომისტმა) უკვე განაცხადა, რომ მხარს უჭერს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის სახელმწიფო სესხების ზრდაზე მკაცრი ფისკალური შეზღუდვების გადახედვას. თავად ბერნემს კი საკუთარ წიგნში ღიად აქვს დაწერილი: „მე უფრო მფლანგველი ვარ, ვიდრე დამზოგველი. გაცილებით მირჩევნია ვთქვა "კი“.

POLITICO–ს თანახმად, პოლიტიკური რეალობა აჩვენებს, რომ თუ სტარმერი დღეს გადადგომას ოფიციალურად დაადასტურებს, ბრიტანეთს ბოლო ათწლეულში რიგით მეშვიდე ლიდერი ეყოლება, რაც ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობისთვის მორიგი სერიოზული გამოწვევა იქნება.