თბილისი (GBC) – გერმანიის ფედერალური დაზვერვის სამსახურის (BND) ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ ბერლინში ყველაზე აქტიურად თურქეთის, რუსეთის, ირანისა და ჩინეთის სპეცსამსახურები მოქმედებენ.
140-გვერდიან დოკუმენტში, რომელსაც გერმანული მედია ავრცელებს, აღნიშნულია, რომ უცხოური სადაზვერვო საქმიანობით გამოწვეული საფრთხე კვლავ მაღალი რჩება.
ანგარიშში მოყვანილია BND-ის ბერლინის სამმართველოს ხელმძღვანელის მიხაელ ფიშერის შეფასება, რომლის თანახმადაც, რუსეთის, ჩინეთის, ირანისა და თურქეთის სპეცსამსახურების გავლენა გერმანიის დედაქალაქში კვლავ მნიშვნელოვანია და უახლოეს მომავალში მისი შემცირება ნაკლებად მოსალოდნელია.
დოკუმენტის მიხედვით, გერმანია რუსეთს მთავარ საფრთხედ განიხილავს. ანგარიშში ნათქვამია, რომ მოსკოვი ბერლინში როგორც ღია, ისე ფარულ ოპერაციებს ახორციელებს და დეზინფორმაციას, პროვოკაციებსა და კიბერშეტევებს იყენებს. BND-ის მტკიცებით, რუსეთის დაზვერვა გასულ წელს გერმანიაში გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პერიოდში საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებასაც ცდილობდა.
ანგარიშში ასევე შეფასებულია თურქეთის ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის (MİT) საქმიანობა. BND-ის თანახმად, თურქული დაზვერვა ბერლინში აქტიურ სადაზვერვო საქმიანობას ეწევა, თუმცა მისი მთავარი სამიზნეები გერმანიის შიდა პოლიტიკა არა, არამედ თურქეთში აკრძალული ორგანიზაციების – ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) და ფეთჰულაჰ გიულენის მოძრაობის (FETÖ) წარმომადგენლები არიან.
ანგარიშის თანახმად, ბერლინში დაახლოებით 1100 PKK-ის მხარდამჭერი და 30 DHKP-C-ის აქტივისტი ცხოვრობს. გერმანიის დაზვერვა აღნიშნავს, რომ PKK-ის მიერ თვითდაშლის შესახებ გაკეთებული განცხადების მიუხედავად, ბერლინში ორგანიზაციის მხარდამჭერების მხრიდან ტერორისტულ საქმიანობაზე უარის თქმის ნიშნები ჯერჯერობით არ შეინიშნება.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ გერმანიის ხელისუფლებამ დისტანცია უნდა დაიცვას ისეთი ორგანიზაციებისგან, როგორებიც PKK და DHKP-C არიან.
ანგარიშის მიხედვით, მხოლოდ ბერლინში 300 ათასზე მეტი თურქული წარმოშობის ადამიანი ცხოვრობს.
სტატიის თანახმად, თურქეთის ხელისუფლებას აღნიშნულ ანგარიშთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.