თბილისი (GBC) – რუსულ მედიასა და Telegram-არხებში რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის, ელვირა ნაბიულინასა და პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინის შესაძლო გადადგომის შესახებ ცნობები ვრცელდება.

ჭორების გავრცელების მიზეზი ნაწილობრივ გახდა ის, რომ ნაბიულინამ ავადმყოფობის გამო ბიულეტენზე გასვლის მიზეზით გამოტოვა სანკტ პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი, რაც რუსულ პოლიტიკურ წრეებში სხვადასხვა ვერსიის საფუძველი გახდა.

Telegram-არხ „Можем объяснить“-ის ცნობით, რომელიც ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ნაბიულინა თითქოს განიხილავს ცენტრალური ბანკის დატოვების შესაძლებლობას. ამავე წყაროების მტკიცებით, იგი არ ემხრობა ეკონომიკის კიდევ უფრო მკაცრ სამხედრო რეჟიმზე გადასვლას.

პარალელურად, ვრცელდება ცნობები, რომ მიშუსტინის მთავრობა შესაძლოა გადადგეს, ხოლო მისი ადგილი თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ბელოუსოვმა დაიკავოს.

პოლიტოლოგ ილია გრაშჩენკოვის შეფასებით, ბელოუსოვის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა შეიძლება ნიშნავდეს რუსეთის ეკონომიკის „მობილიზაციურ მოდელზე“ გადასვლას, რომელიც სახელმწიფო დაგეგმვის გაძლიერებას, სამხედრო შეკვეთებზე ორიენტაციასა და რესურსების უფრო მკაცრ განაწილებას გულისხმობს.

თუმცა, თავად გრაშჩენკოვი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე საუბარი მხოლოდ დაუდასტურებელ ცნობებს ეხება და მსგავსი ინფორმაცია „ჭორებად უნდა აღიქმებოდეს“.

ნაბიულინა რუსეთის ცენტრალურ ბანკს 2013 წლიდან ხელმძღვანელობს და საერთაშორისო ფინანსურ წრეებში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ცენტრალურ ბანკირს შორის სახელდება. მისი მოქმედი მანდატი 2027 წელს იწურება.

მიშუსტინი კი რუსეთის პრემიერ-მინისტრია 2020 წლიდან. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ეკონომიკა თანდათან გადავიდა სამხედრო წარმოებაზე ორიენტირებულ რეჟიმზე, ხოლო სახელმწიფო ხარჯებში თავდაცვის სექტორის წილი რეკორდულ ნიშნულებს აღწევს. ამის ფონზე რუსულ და დასავლურ ანალიტიკურ წრეებში პერიოდულად განიხილავენ, შეიძლება თუ არა კრემლი ეკონომიკის კიდევ უფრო მკაცრ, ე.წ. მობილიზაციურ მოდელზე გადავიდეს, თუმცა მსგავსი გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დროისთვის არ არსებობს.