თბილისი (GBC) - სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქვეყანაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. ამ დროისთვის შეჯამებულია 2005 საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგები, ხმის მიცემაში მონაწილეთა რაოდენობა შეადგენს 1 476 916 ადამიანს.

სომხური მედია იუწყება, გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • „რეფორმისტების პარტია“ - 1 456 ხმა (0,1%)
  • დემოკრატიული პარტია „მე ყველას წინააღმდეგი ვარ“ - 21 467 ხმა (1,47%)
  • ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ - 340 062 ხმა (23,29%)
  • სომხეთის მერიტოკრატიული პარტია - 30 797 ხმა (2,11%)
  • რეფორმისტული პარტია „ახალი ძალა“ - 25 618 ხმა (1,75%)
  • პარტია „ერთობის ფრთები“ - 33 618 ხმა (2,3%)
  • პარტია „აყვავებული სომხეთი“ - 58 368 ხმა (4%)
  • სრულიად სომხური პარტია „ეროვნულ-დემოკრატიული პოლუსი“ - 5 485 ხმა (0,38%)
  • პარტია „ეროვნული აღორძინება და ქოჩარის ეროვნული გამოღვიძება“ - 1 984 ხმა (0,14%)
  • პარტია „სომხეთის ეროვნული კონგრესი“ - 3 206 ხმა (0,22%)
  • პარტია „რესპუბლიკა“ - 15 827 ხმა (1,08%)
  • „ქრისტიან-დემოკრატიული პარტია“ - 2 679 ხმა (0,18%)
  • პარტია „დემოკრატიული ერთობა“ - 5 282 ხმა (0,36%)
  • პარტია „დემოკრატია, კანონი, წესრიგი“ - 26 565 ხმა (1,82%)
  • პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულება“ - 727 160 ხმა (49,81%)
  • ბლოკი „სომხეთი“ - 145 097 ხმა (9,94%)
  • პარტია „კავშირი დემოკრატიის დასაცავად რესპუბლიკის სახელით“ - 6 750 ხმა (0,46%)
  • პარტია „განათლებული სომხეთი“ - 7 256 ხმა (0,5%)

ხმების ამგვარი თანაფარდობით, პარლამენტში 4 პოლიტიკური ძალა შედის: პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულება“, ბლოკი „ძლიერი სომხეთი“, ბლოკი „სომხეთი“ და პარტია „აყვავებული სომხეთი“.

გუშინ, 7 ივნისს, სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.

ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, ეროვნული ასამბლეა - ერთპალატიანი პარლამენტია, რომელიც მინიმუმ 101 წევრისგან შედგება. დეპუტატებს ხუთი წლის ვადით, პროპორციული საარჩევნო სისტემით ირჩევენ.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა ფიქსირებული არ არის და შეიძლება გაიზარდოს სპეციალური საარჩევნო კორექტირების წესების საფუძველზე, რაც სტაბილური უმრავლესობის უზრუნველყოფას ემსახურება (მაგალითად, 2021-2026 წლების მოწვევის პარლამენტში 107 დეპუტატი იყო).

ამასთან, ოთხამდე მანდატი წინასწარ არის განკუთვნილი უდიდესი ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის.

სომხეთის სამართლებრივი რეგულაციებით, პარლამენტი მინიმუმ სამი ფრაქციისგან უნდა შედგებოდეს. იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო ბარიერს მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალა გადალახავს, მესამე ადგილზე გასული ძალაც ავტომატურად მოიპოვებს საპარლამენტო წარმომადგენლობას, მიუხედავად იმისა, რომ მან დადგენილი პროცენტული ბარიერი ვერ გადალახა.

სისტემის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია „სტაბილური საპარლამენტო უმრავლესობის“ პრინციპი, რომელიც პარლამენტში ადგილების 52%-ით განისაზღვრება. თუ რომელიმე პარტია ან ალიანსი ხმების მარტივ უმრავლესობას (50%-ზე მეტს) მოიპოვებს, მაგრამ ვერ მიაღწევს 52%-იან ნიშნულს, მას კანონმდებლობით დამატებითი ადგილები მიეკუთვნება, რაც ზრდის დეპუტატების საერთო რაოდენობას 101-ზე მეტად.