თბილისი (GBC) - Montran სებ-ის მიერ დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების განახლებული სისტემის (RTGS) დანერგვას ეხმიანება.
როგორც კომპანიის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის პრესრელიზშია აღნიშნული პროექტი წარმატებულია. ის ქვეყნის საგადახდო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპია და მიზნად ისახავს ფინანსური სექტორის ეფექტიანობის, მდგრადობისა და უსაფრთხოების შემდგომ გაძლიერებას.
განახლებული ავტომატური გადარიცხვების სისტემა (ATS) სრულად შეესაბამება ISO 20022-ის საერთაშორისო სტანდარტს და უზრუნველყოფს გადახდების დროის რეალურ რეჟიმში დამუშავებასა და 24/7 რეჟიმში უწყვეტი ფუნქციონირების შესაძლებლობა აქვს. ახალი პლატფორმა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ლიკვიდობის მართვის შესაძლებლობებს, ზრდის ოპერაციულ მდგრადობას, რაც ქვეყნის ფინანსური ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ეკატერინე გალდავას განცხადებით, საგადახდო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია ეროვნული ბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებაა.
„საგადახდო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს საფინანსო ეკოსისტემის მზარდი მოთხოვნების საპასუხოდ. აღნიშნული განახლება აძლიერებს საგადახდო ინფრასტრუქტურის მდგრადობას,გაზრდილი გადახდების ნაკადის ეფექტიანად დამუშავების შესაძლებლობასა და სამომავლო გამოწვევებისადმი მზაობას“, - აღნიშნა ეკატერინე გალდავამ.
პროექტი Montran-თან თანამშრომლობით განხორციელდა. აღმასრულებელი დირექტორის, კიტ ესკას შეფასებით, განახლებული სისტემა მხარეებს შორის მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი შედეგია.
„პროექტი Montran-სა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის ორ ათეულ წელზე მეტი ხნის სტრატეგიული პარტნიორობის დასტურია. ერთობლივი ძალისხმევით ვქმნით თანამედროვე, მდგრად და სამომავლო გამოწვევებისთვის მზა საფინანსო ინფრასტრუქტურას, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და ბაზრის ცვალებად მოთხოვნებს“, - განაცხადა კიტ ესკამ.
საგადახდო ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს მუშაობას მყისიერი გადახდების სისტემის (IPS) დანერგვაზე, რომლის ამოქმედებაც 2026 წლის ბოლომდე იგეგმება. აღნიშნული ინიციატივა კიდევ უფრო გაამარტივებს გადახდების პროცესს და გააუმჯობესებს მომხმარებელთა გამოცდილებას.
Montran-ი გადახდებისა და კაპიტალის ბაზრის ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების წამყვანი პროვაიდერია. კომპანია უზრუნველყოფს მსოფლიოს მოწინავე ფინანსური ინსტიტუტების მომსახურებას, ხოლო მისი სისტემები დანერგილია და წარმატებით ოპერირებს მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში.