თბილისი (GBC) - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2026 წლის პროგნოზი 0.5 პ.პ.-ით გაზარდა და ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6%-იან მატებას ელოდება. ორგანიზაციის უახლესი „რეგიონული ეკონომიკური პერსპექტივების“ ანგარიშის მიხედვით, 2027 წელს საქართველოში 5%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.

ანგარიშის თანახმად, ბანკის საქმიანობის რეგიონებში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 2025 წლის 3.4%-დან 2026 წელს 3.1%-მდე შენელდება, ხოლო 2027 წელს კვლავ 3.6%-მდე აღდგება.

ამ ფონზე, საქართველო ზრდის მაღალ დინამიკას ინარჩუნებს. EBRD აღნიშნავს, რომ 2025 წელს ქვეყანაში რეალური მშპ 7.5%-ით გაიზარდა, რასაც ძირითადად მომსახურების სექტორი და ტურიზმი განაპირობებდა. კერძო მოხმარებას მხარს უჭერდა რეალური ხელფასების მყარი ზრდა და საკრედიტო აქტივობის გაფართოება, მაშინ როდესაც კაპიტალური ინვესტიციები 2021 წლის შემდეგ პირველად შემცირდა. ბანკის შეფასებით, ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო დაჩქარდა და 2026 წლის პირველ კვარტალში წლიურად 9.1%-ს მიაღწია.

EBRD-ის ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ უძრავი ქონების, ტრანსპორტისა და განახლებადი ენერგიის სექტორებში მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელებამ შესაძლოა ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო დააჩქაროს. თუმცა, იკვეთება საგარეო რისკებიც, კერძოდ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა შეიძლება შეასუსტოს ეკონომიკური აქტივობა, რადგან ის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების შემცირებასა და იმპორტირებული ენერგორესურსების გაძვირებს იწვევს.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია სხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრებზეც. ფასების მატება 2025 წლის მარტიდან აღემატება ეროვნული ბანკის 3.0%-იან სამიზნე მაჩვენებელს და 2026 წლის აპრილში წლიურმა ინფლაციამ 5.9% შეადგინა. ფისკალური დეფიციტი 2024 წლის მშპ-ის 2.3%-დან 2025 წელს 1.4%-მდე შემცირდა, რასაც ხელი შეუწყო საბიუჯეტო შემოსავლების ზრდამ, ხოლო საგარეო ვალისა და მშპ-ის თანაფარდობა სტაბილური კურსისა და ნომინალური ზრდის ფონზე 34.4%-მდე შემცირდა. ამასთან, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2025 წელს ისტორიულ მინიმუმამდე - 2.6%-მდე შემცირდა, ხოლო მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 2026 წლის აპრილში 6.5 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც დაახლოებით 4 თვის იმპორტს ფარავს.

EBRD-ის გარდა, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მოლოდინები სხვა უწყებებმაც გააუმჯობესეს. მაისის დასაწყისში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პროგნოზი 5%-დან 6.5%-მდე გაზარდა, ხოლო გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის ზრდის მოლოდინი 6.3%-მდე აწია. საქსტატის წინასწარი შეფასებით კი, 2026 წლის აპრილში მშპ 6.2%-ით გაიზარდა, ხოლო პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელმა 8.3% შეადგინა.