თბილისი (GBC) - საქართველოსა და ყაზახეთს შორის ეკონომიკური კავშირები, სავაჭრო ბრუნვის ზრდისა და სატრანსპორტო დერეფნების განვითარების ფონზე, თანმიმდევრულად მტკიცდება, რაშიც კერძო სექტორი წამყვან როლს ასრულებს, აცხადებენ საინვესტიციო კომპანია Silk Road Group-ში. ამის შესახებ ყაზახური მედია წერს

კომპანიის ანალიტიკოსების შეფასებით, მიწოდების გლობალური ჯაჭვების ტრანსფორმაციის პირობებში, განსაკუთრებულ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს ე.წ. „შუა დერეფანი“, რომელიც ცენტრალურ აზიას ევროპასთან კასპიის ზღვისა და სამხრეთ კავკასიის გავლით აკავშირებს. ამ კონფიგურაციაში ყაზახეთი წამყვანი ტრანზიტული ბაზაა, ხოლო საქართველო უზრუნველყოფს წვდომას შავ ზღვასა და ევროპულ ბაზრებზე.

Silk Road Group, რომელიც 1990-იან წლებში ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის მიერ დაარსდა, თავდაპირველად სწორედ რეგიონული სატრანსპორტო ნაკადების აღდგენაზე იყო ორიენტირებული, რამაც საფუძველი ჩაუყარა ყაზახურ კაპიტალთან გრძელვადიან პარტნიორობას. ამჟამად ჯგუფის დირექტორთა საბჭოში შედის ყაზახი მეწარმე ერკინ ტატიშევი, საერთაშორისო ინვესტორებთან - ალექს თოფურიასა და დევიდ ბორგერთან ერთად.

დღეისათვის ჯგუფი საქმიანობას რამდენიმე მიმართულებით აფართოებს. ტელეკომუნიკაციების სექტორში, ჯგუფში შემავალი კომპანია Silknet თანამშრომლობს ისეთ გლობალურ მოთამაშეებთან, როგორებიც არიან Orange, Ericsson, Huawei და Nokia. გარდა ამისა, კომპანია ინვესტიციებს ახორციელებს ჰიდროენერგეტიკულ პროექტებში, ხოლო ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულებით, Silk Hospitality-ს მეშვეობით, ქვეყნის მასშტაბით მართავს სასტუმროების ქსელს საერთაშორისო ბრენდების ქვეშ.

კომპანიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ თუ ადრეულ ეტაპზე რეგიონული ინტეგრაცია მხოლოდ სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული მიმართულებით ვითარდებოდა, დღეს ორმხრივი ეკონომიკური კავშირები ახალ ეტაპზე გადადის, სადაც ყაზახეთიდან საქართველოში მზარდი ტურისტული ნაკადები დამატებით ფინანსურ აქტივობას აგენერირებს.