თბილისი (GBC) - მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით, რიგ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ. შესაბამისი ცვლილებები „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში იგეგმება, რომლითაც მთავრობამ პარლამენტს უკვე მიმართა.

კანონპროექტის თანახმად, მატერიალური წახალისების უფლება მიენიჭებათ:

  • მინისტრების მოადგილეებს
  • აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის ხელმძღვანელების მოადგილეებს
  • სახელმწიფო რწმუნებულების მოადგილეებს
  • მერების მოადგილეებს

კანონის მოქმედი რედაქციით, აღნიშნული პირებისთვის სახელფასო დანამატისა და ჯილდოს გაცემა აკრძალულია. ახალი ინიციატივით კი, სახელფასო დანამატი გაიცემა ზეგანაკვეთური სამუშაოს, დამატებითი ფუნქციების შესრულების, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობის ან ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ გარემოში საქმიანობისათვის.

რაც შეეხება ფულად ჯილდოს, მისი გაცემა შესაძლებელი გახდება ფუნქციების სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან განსაკუთრებული სირთულის დავალების შესრულების შემთხვევაში.

როგორც დანამატის, ისე ჯილდოს გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას ზემდგომი თანამდებობის პირი მიიღებს, კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მოადგილეებზე პრიორიტეტების შესრულების ძირითადი ტვირთი მოდის, მათი მატერიალური სტიმულირება კი ხელს შეუწყობს უწყებათა საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას.