თბილისი (GBC) – ევროპამ რუსეთთან დამოუკიდებელი დიალოგი უნდა დაიწყოს, თუმცა ამ პროცესში ვინ იქნება საკონტაქტო პირი, ჯერჯერობით უცნობია. ამის შესახებ ალექსანდერ სტუბი განაცხადა.

ფინეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპულ ქვეყნებს უკვე დაუდგა დრო, თავად წამოიწყონ მოლაპარაკებები მოსკოვთან. იტალიურ გაზეთთან Corriere della Sera ინტერვიუში სტუბმა აღნიშნა, რომ ევროპელი ლიდერები უკვე მსჯელობენ, ვინ აიღებს ამ პროცესში საკონტაქტო პირის როლს.

„დიახ, დროა რუსეთთან მოლაპარაკებები დავიწყოთ. არ ვიცი, როდის მოხდება ეს. საკითხი ევროპელ ლიდერებთან განვიხილეთ – ისინი განსაზღვრავენ, ვინ დაამყარებს კონტაქტს, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია“, – განაცხადა სტუბმა.

მისივე თქმით, თუ ამერიკის პოლიტიკა აღარ იქნება სრულ თანხვედრაში ევროპის ინტერესებთან, ევროპულ ქვეყნებს მოსკოვთან პირდაპირი ურთიერთობის დაწყება მოუწევთ.

სტუბმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა ევროპულ სახელმწიფოებს შორის კოორდინაციას, განსაკუთრებით გერმანიას, საფრანგეთს, იტალიას, დიდ ბრიტანეთს, პოლონეთსა და რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებს შორის. მისი თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, დიალოგს უხელმძღვანელებს სპეციალური წარმომადგენელი თუ ლიდერთა ჯგუფი.