თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 1Q26-ში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 640.9 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 4.3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 43.4%, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა 496.3 ათასი შეადგინა, რაც 2.9%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 328.8 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 1.7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის განაწილებას ვიზიტის ტიპის მიხედვით.

ვიზიტების უმრავლესობა (46.7%) განხორციელდა საქართველოს რეზიდენტი 31-50 წლის ვიზიტორების მიერ, ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ კი მთლიანი ვიზიტების რაოდენობის 45.6% შეადგინა.

1Q26-ში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (35.3%) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 172.4 ათასი და 89.3 ათასი ვიზიტი.

საქსტატის მონაცემებით, 1Q26-ში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.8 შეადგინა, რაც 1Q25-ში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.7 ღამე) 1.4%-ით მეტია. ვიზიტების 99.1% წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

2026 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები ₾629.1 მლნ-ს გაუტოლდა, რაც 30.7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 1Q25-თან შედარებით 26.9%-ით გაიზარდა და 1 267.7 ლარი შეადგინა.