თბილისი (GBC) – დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს რკინიგზა მოძრავი შემადგენლობის მასშტაბურ განახლებას იწყებს. პროექტის ფარგლებში კომპანია 50-მდე ლოკომოტივსა და 1 500 ვაგონს შეიძენს, რისთვისაც შესყიდვის პროცედურები უკვე დაწყებულია. სალოკომოტივო და სავაგონო პარკის განახლების პარალელურად, გაიზარდა მატარებლის გადაზიდვის დასაშვები სიგრძე და წონები. 

კერძოდ, თუ აქამდე სატვირთო მატარებელი საშუალოდ 45 ვაგონისგან შედგებოდა, დღეს მათი რაოდენობა 57 ერთეულამდეა გაზრდილი. პარალელურად მიმდინარეობს ახალი ინსტრუქციების დანერგვა, რაც სატვირთო შემადგენლობების გამტარუნარიანობასა და გადაზიდვების მოცულობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

ფოთი-ბაქოსა და ფოთი-თბილისის მიმართულებებზე რეგულარული ბლოკ-მატარებლები დაინიშნა, რამაც გადაზიდვის დრო მნიშვნელოვნად შეამცირა. ამასთანავე, შიდა რესურსით 350-მდე ვაგონი გარემონტდა, არსებულ პარკს კი უახლოეს პერიოდში ახალი ვაგონებიც დაემატება

„სატვირთო გადაზიდვებში მნიშვნელოვანი ცვლილებები გვაქვს. დავიწყეთ სალოკომოტივო და სავაგონო პარკის განახლება. ვამცირებთ გადაზიდვის დროს, რაც არსებითად მნიშვნელოვანია ტვირთმფლობელებისთვის. დავასრულეთ მოდერნიზაციის პროექტი, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ტრანზიტული შესაძლებლობების გაზრდას. საქართველოს რკინიგზა კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება შუა დერეფნის ქვეყნებისთვის“, - აცხადებს ლაშა აბაშიძე.

საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით განხორციელებული ცვლილებების შედეგად, მატარებლების სიჩქარე მოიმატებს, სატრანზიტო დრო განახევრდება, გამტარუნარიანობა კი გაორმაგდება.

(R)