თბილისი (GBC) - მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 4 თვეში, GCCA-ში - 835 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 2553 შეადგინა. განცხადებების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 110%-ით არის გაზრდილი.

საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 98 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 246 საქმეზე. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 41 მოვაჭრეს - 61 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში - 60 176 ლარის ოდენობით. ამასთან, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 80 საქმეზე - 68 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 67% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 33% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. ადგილმდებარეობის მიხედვით, სააგენტოსთვის მომართვიანობისას, დიდი წილი - 80% თბილისს უჭირავს, შემდეგ კი მოდის რეგიონები - აჭარა 6%, იმერეთი 4%, ქვემო ქართლი 3%, კახეთი 2%, სამეგრელო – ზემო სვანეთი 1% და სხვ.

მიმდინარე წლის 4 თვის მონაცემებით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 301 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან შეცვლაზე 223, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 182, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 52, ხოლო სხვა დანარჩენზე - 77. სექტორების მიმართულებით, სტატისტიკის თანახმად, 70%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 11%, განთავსება და საკვების მიწოდება 2%, ხელოვნება, გართობა და დასვენება - 2%, ხოლო სხვა სახის საქმიანობები 15%.