თბილისი (GBC) - საქართველო, ღვინის ერთ-ერთი უძველესი მწარმოებელი ქვეყანა, სექტორში ხარისხის კონტროლის რადიკალურ გამკაცრებას იწყებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით სონღულაშვილის განცხადებით, სახელმწიფო „შეურიგებელ ბრძოლას“ უცხადებს ფალსიფიკაციას, რაც ახალი საკანონმდებლო შეზღუდვებითა და ვენახების გაშენების მკაცრი კონტროლით გამყარდება. აღნიშნული განცხადება მან „რუსთავი 2“–ის გადაცემა „დებატებში“ გააკეთა.
„ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ შესული ცვლილებების თანახმად, 2026 წლის 1 მაისიდან, სამეწარმეო ვენახის გაშენება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს წინასწარი თანხმობის საფუძველზე იქნება შესაძლებელი. რეფორმის ინიციატორები მიზნად ისახავენ ქართული ღვინის რეპუტაციის დაცვას გლობალურ ბაზარზე, სადაც კონკურენცია მზარდია.
სონღულაშვილმა აღნიშნა, რომ ფალსიფიცირებული პროდუქციის მიმართ სახელმწიფო არანაირ კომპრომისს არ დაუშვებს.
„ღვინის ფალსიფიკაციასთან ვიქნებით ძალიან მკაცრი, რადიკალური და შეურიგებელი. ზუსტად ამ მიმართულებით მუშაობს მთელი უწყება... არ გადის თვე, რომ არ ჩატარდეს საკონტროლო შესყიდვები როგორც რესტორნებში, ასევე ქსელურ მარკეტებში, და არაერთი შემთხვევა გვქონია ფალსიფიცირებული პროდუქციის ამოღების, მოხსნის და კონფისკაციის“, - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, ხარისხის კონტროლი გადამწყვეტია, რადგან საქართველო, როგორც მცირემიწიანი ქვეყანა, საერთაშორისო ასპარეზზე რაოდენობით კონკურენციას ვერ გაწევს: „ჩვენი მთავარი მიზანი არის ხარისხი. „ქართული“ უნდა იყოს ხარისხის ნიშანი ყველა პროდუქტთან მიმართებით“.
სექტორის გაჯანსაღების მიზნით, წელს სახელმწიფო კიდევ უფრო ამკაცრებს ყურძნის მიღების პირობებს შაქრიანობის მიხედვით. მინისტრის განცხადებით, დაბალი შაქრიანობის მქონე პროდუქტი ხარისხიანი ღვინის წარმოებაში ვეღარ მოხვდება.
„კატეგორიულად ვამბობთ, რომ 17 გრადუსამდე ყურძენი ჩაბარდება 30 თეთრში, რადგან ეს არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ხარისხიანი ღვინის წარმოებაში. სადაც სახელმწიფო არის პასუხისმგებელი, ხარისხი იქნება მკაცრად კონტროლირებული და მევენახე ანაზღაურებას მიიღებს თავისი შრომისა და პროდუქტის ხარისხის შესაბამისად“, - აღნიშნა სონღულაშვილმა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ კი განმარტა, რომ ახალი კანონით ვენახების გაშენების ნებართვის მისაღებად მევენახეებმა ნიადაგის ლაბორატორიული ანალიზი უნდა წარადგინონ. ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი მიწისქვეშა წყლების დონეა - წყლის დგომა 1 მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს.
მეხუზლას თქმით, რეფორმა მიზნად ისახავს წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორებას, როდესაც ვენახები ჭალებში ან შეუსაბამო სიმაღლეებზე შენდებოდა მხოლოდ რაოდენობის გაზრდის მიზნით.
„რეფორმა აზღვევს როგორც ინვესტორს, ისე მომხმარებელს, იმ ობიექტური პირობების გათვალისწინებით, როდესაც საერთაშორისო ბაზრებზე იკლო ღვინის მოხმარებამ და გაზრდილია კონკურენცია“, - დასძინა მეხუზლამ.
სააგენტო უფლებამოსილი იქნება, არ გასცეს ვენახის გაშენების ნებართვა, თუ წარდგენილი დოკუმენტაცია ან ნიადაგის პირობები დადგენილ მაღალ სტანდარტებს არ შეესაბამება.