თბილისი (GBC) - „ღვინის ოსტატების“ დამფუძნებელი ანდრო ბარნოვი „ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ შეტანილ ცვლილებებს კატასტროფულს უწოდებს. მისი შეფასებით, სოფლის მეურნეობის მინისტრის ახალი ბრძანება (#2-145) პირდაპირი დარტყმაა მცირე მეწარმეობაზე, რამაც შესაძლოა მცირე მარნების 80-90%-ის გაქრობა გამოიწვიოს.

ფეისბუკზე გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში ბარნოვი მიიჩნევს, რომ ახალი რეგულაციები, რომლებიც ვენახის გაშენებას ბიუროკრატიულ ლაბირინთად აქცევს, შინაარსით ანტიეროვნულია. მისი თქმით, ეს პროცესი ქართული ღვინის მრავალფეროვნებას ისეთსავე საფრთხეს უქმნის, როგორც ისტორიული შემოსევები.

ეს არის ქართული ვაზის წინააღმდეგ განხორციელებული ისეთი ვანდალიზმი, ყოველგვარი სენტიმენტების გარეშე შაჰ აბასს რომ შეიძლება შევადაროთ. დარგი, რომელიც დინამიკურად ვითარდება და საქართველოს იმიჯის განუყოფელ ნაწილად იქცა, ერთი ხელის მოსმით უნდათ რომ მოკლან“, - აცხადებს ანდრო ბარნოვი.

ბიუროკრატიული ბარიერები: „ნიადაგის ანალიზი ყველაზე დიდი ბომბია“

ბარნოვის კრიტიკის მთავარი სამიზნე ის მოთხოვნებია, რომელთა დაკმაყოფილებაც მევენახეს ვენახის გაშენებამდე მოუწევს. იგი დეტალურად განმარტავს, თუ რატომ არის ეს პირობები დამღუპველი: „ადამიანი ვენახს ვეღარ გააშენებს, თუ არ წარადგინა ნიადაგის სრული ანალიზი და ლიცენზირებული სანერგედან ნერგის შეძენის ინვოისი. ეს სანერგეები დღეს ბრუნვაში არსებული ჯიშების 10%-საც არ აწარმოებენ. დაჯდება მერე ვიღაც ჩინოვნიკი და გადაწყვეტს, მოიღოს თუ არა მოწყალება. ნიადაგის ანალიზი ამ „უწყინარ“ ჩამონათვალში ყველაზე დიდი ბომბია. კრიტერიუმები არ ვიცით“.

ბარნოვი Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ეს რეგულაცია კლავს ექსპერიმენტებსა და ახალი ტერუარების აღმოჩენის შესაძლებლობას, რაც ქართული ღვინის მთავარი ხიბლია.

წარმოიდგინეთ, კარდენახში, ატენში, მუკუზანში, ხვანჭკარაში თუ ტვიშში რომ აქვს ადამიანს ვენახი, რა ნიადაგის ანალიზი უნდა იმას? პატრონს თავად თუ აინტერესებს, თორემ საქართველოს იმდენი ასეული ისტორიული ტერუარი აქვს, მარტო ტერუარის სახელი უდრის ათას ანალიზს. როგორ განვითარდება მრავალფეროვნება? - ვერ განვითარდება“, – წერს ანდრო ბარნოვი.

მცირე მარნების გაქრობა და ეკონომიკური ზიანი

ბარნოვი პროგნოზირებს, რომ რეგისტრაციის ვალდებულება და მასთან დაკავშირებული ხარჯები (1000-2000 ლარი) გლეხების უმეტესობისთვის გადაულახავი იქნება, რაც ავტომატურად გაანადგურებს მცირე მარნებს, რომლებიც ყურძენს სწორედ ასეთი მევენახეებისგან ყიდულობდნენ.

რა მოუვათ მცირე მარნებს, რომლებიც შესანიშნავ მრავალფეროვნებას ქმნიდნენ ამ ქვეყანაში? — გაქრებიან. ამ მემარნეების შემოსავლების გაქრობა კი მთლიანად ეკონომიკას დააკლდება. გაღარიბდებიან ღვინის ბარები, ერთი მნიშვნელოვანი განზომილებით გაღარიბდება ტურისტული სექტორი. დასრულდება ექსპერიმენტები, დასრულდება ველური მევენახეობა და მეღვინეობა, ეს კი ზუსტად ის არის, რაც საქართველოს ნამდვილ ღვინის ქვეყნად აქცევს“, – წერს ბარნოვი.

მისივე თქმით, ეს კანონი მევენახეებს აზარალებს, ხოლო ღვინის დიდ კომპანიებს „ქოც-მევენახეთა მონებად“ აქცევს, რადგან მათ მოუწევთ ყურძნის ჩაბარება მხოლოდ იმ მსხვილი ვენახებისგან, რომლებიც პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.

რას ითვალისწინებს ახალი რეგულაცია?

„ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ განხორციელებული ცვლილებების თანახმად, იცვლება სამეწარმეო ვენახების გაშენებასთან დაკავშირებული წესები. ყველა იმ პირმა, რომელმაც მიმდინარე წლის 1 მაისამდე გააშენა ვენახი და ამ დრომდე არ აქვს რეგისტრირებული ვენახების კადასტრის ერთიან ბაზაში, 2026 წლის 1 მაისამდე შესაბამის მუნიციპალიტეტში უნდა მიმართოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობის კადასტრის სამმართველოს წარმომადგენლებს და ვენახი ოფიციალურად დაარეგისტრიროს.

კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, 1 მაისის შემდგომ პერიოდში კომერციული მიზნებისთვის ვენახის გაშენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს წინასწარი თანხმობის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირი, რომელიც ვენახს თვითნებურად გააშენებს, ვერ შეძლებს მიღებული ყურძნის ან წარმოებული ღვინის კომერციულ რეალიზაციას.

აღნიშნული რეგულაცია ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც ვენახის გაშენებას სამეწარმეო საქმიანობისთვის გეგმავენ და არ ეხება მათ, ვინც ვენახს პირადი მოხმარებისთვის აშენებს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ვენახის გაშენებაზე თანხმობა უფასოდ გაიცემა.

5 მარტს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-მ (TI) იმ დროს უკვე პარლამენტში წარდგენილი „ვაზისა და ღვინის შესახებ“ ახალ კანონპროექტი კორუფციული რისკების შემცველად და მცირე მეწარმეებისთვის დამაზიანებლად შეაფასა. ორგანიზაცია აცხადებდა, რომ დაგეგმილი ცვლილებები, რომლებიც ვენახის გაშენებაზე სავალდებულო ნებართვის შემოღებასა და საოჯახო მარნებისთვის ბიუროკრატიული ტვირთის გაზრდას ითვალისწინებს, ღვინის ეროვნულ სააგენტოს „გაუმჭვირვალე ძალაუფლებას“ ანიჭებს და ბაზარზე მცირე მოთამაშეების შევიწროების საფრთხეს ქმნის.

"კანონპროექტი მნიშვნელოვნად ზრდის ღვინის ეროვნული სააგენტოს ძალაუფლებას, რომელსაც უკვე არა მხოლოდ მაკონტროლებლის ფუნქცია ექნება, არამედ ბაზარზე დაშვების მარეგულირებელიც ხდება", - წერდა TI.