თბილისი (GBC) - საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, რომლის მიხედვითაც, მეორადი საბურავების, ჯართისა და ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების არასწორ განთავსებასა და რეალიზაციაზე დაწესებული მკაცრი ფინანსური სანქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდება.
აქამდე აღნიშნული რეგულაციები მხოლოდ დედაქალაქის ტერიტორიაზე მოქმედებდა, თუმცა საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ყველა მუნიციპალიტეტზე გავრცელდება. კანონპროექტი, რომელიც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ არის მომზადებული, მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი ნორმების დაცვასა და მუნიციპალიტეტებში ვიზუალური თუ ეკოლოგიური სტანდარტების მოწესრიგებას.
ახალი ნორმების თანახმად, მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ასევე ადვილად აალებადი ან მტვრევადი მასალების განთავსება იმ ადგილებში, რომლებიც საკრებულოს მიერ არ არის ნებადართული, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 5 000 ლარით. დარღვევის განმეორების შემთხვევაში სანქციები მკვეთრად იზრდება და იურიდიული პირებისთვის 15 000 ლარს აღწევს.
კანონი განსაკუთრებულ სიმკაცრეს იჩენს კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებთან მიმართებით. აღნიშნულ ტერიტორიებზე ანალოგიური დარღვევა ფიზიკური პირისთვის 5 000 ლარის, ხოლო იურიდიული პირისთვის 10 000 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს. განმეორებითი ქმედებისას მაქსიმალური ფინანსური სანქცია იურიდიული პირებისთვის 30 000 ლარით განისაზღვრა.
ცვლილებები ასევე აწესებს ჯარიმებს იმ შემთხვევებისთვის, როდესაც მასალების განთავსება ნებადართულ ადგილზე ხდება, თუმცა საკრებულოს მიერ დადგენილი სპეციფიკური წესების დარღვევით. ასეთ დროს პირველადი ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის 1 000 ლარია, ხოლო იურიდიული პირებისთვის – 2 500 ლარი.