თბილისი (GBC) – ყაზახეთმა პირველად განახორციელა ღორის ხორცის ექსპორტი საქართველოში. 2025 წლის განმავლობაში მიწოდებულია დაახლოებით 500 ტონა პროდუქცია 884 ათასი აშშ დოლარის ღირებულებით, იუწყება Orda.kz ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით.

საქმე ეხება როგორც ცოცხალი ღორების, ისე ღორის ხორცის ექსპორტს. აღნიშნული მიმართულებით ინტერესის არსებობა დადასტურდა ორი ქვეყნის აგრარული უწყებების მოლაპარაკებების ფარგლებში. სამხრეთ კავკასიის ბაზარზე ახალი პროდუქციით შესვლის მცდელობა, გავრცელებული ინფორმაციით, წარმატებული აღმოჩნდა. მოთხოვნის შენარჩუნების შემთხვევაში, ექსპორტის მოცულობა შესაძლოა გაიზარდოს.

ამ ეტაპზე მოცულობები შედარებით მცირეა – 500 ტონა 884 ათასი დოლარის ღირებულებით. თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ გეგმავენ ექსპორტის გაფართოებას და ქართულ ბაზარზე პოზიციების გაძლიერებას.

საერთო ჯამში, ღორის ხორცი ყაზახეთისთვის ახალი საექსპორტო მიმართულებაა. 2025 წლის შედეგებით, საზღვარგარეთ მიწოდება გაიზარდა 1,8 ათას ტონამდე, 3,6 მილიონი დოლარის ღირებულებით. ძირითადი ბაზრები გახდა რუსეთი, საქართველო და სომხეთი.

ამასთან, საქართველოსთან თანამშრომლობა მხოლოდ ერთ პროდუქციას არ მოიცავს. ყაზახეთი უკვე აწვდის საქართველოს მარცვლეულს, ფქვილსა და სხვა აგრარულ საქონელს, ხოლო ქვეყნებს შორის აგრარული საქონლის საერთო ბრუნვამ 116 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყაზახეთს შეუძლია ჩინეთში გაგზავნოს არა მხოლოდ გაყინული ღორის ხორცი, არამედ სუბპროდუქტები და თერმულად დამუშავებული პროდუქციაც.