თბილისი (GBC) – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხუთშაბათს განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით სიახლეები „უახლოეს მომავალში“ გახდება ცნობილი. აღნიშნული განცხადება მთავრობის მეთაურმა ეკონომიკის მინისტრის ჩინეთში დაგეგმილი ვიზიტის ფონზე გააკეთა.

პრემიერის თქმით, პროექტის ირგვლივ მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია და კონკრეტული დეტალები საზოგადოებისთვის მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც პროცესი დასრულდება.

„უახლოეს მომავალში გექნებათ სიახლეები ანაკლიასთან დაკავშირებით. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, - აღნიშნა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა ეკონომიკის მინისტრის, მარიამ ქვირივიშვილის ვიზიტზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. მისი განმარტებით, ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ანაკლიის პორტის საკითხზე მოლაპარაკებების გაგრძელება და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაა.

„ეკონომიკის მინისტრის ვიზიტი ჩინეთში დამატებით შეუწყობს ხელს ვაჭრობის განვითარებას. ყველა თემაზე იქნება საუბარი, მათ შორის, ანაკლიის თემაზეც“, - განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ კონკრეტიკა მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ დაზუსტდება.