თბილისი (GBC) – ავსტრალიის მთავრობამ წარადგინა კანონპროექტი, რომელიც უმსხვილეს ციფრულ პლატფორმებს Google, Meta და TikTok მათი შემოსავლის ნაწილის ჟურნალისტიკის დაფინანსებაზე მიმართვას დააკისრებს. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

კანონპროექტი, რომელიც 28 აპრილს გამოქვეყნდა და პარლამენტში 2 ივლისამდე უნდა შევიდეს, ტექნოლოგიურ კომპანიებს ავალდებულებს, შემოსავლის ნაწილი ჟურნალისტების შრომის ანაზღაურებასა და რედაქციების მხარდაჭერას მოახმარონ.

ინიციატივა ითვალისწინებს ფინანსური მექანიზმის შექმნას, რომელიც სოციალურ პლატფორმებს ახალ ამბების მწარმოებელ ორგანიზაციებთან შეთანხმებების გაფორმებას და მათი კონტენტის გამოყენებისთვის კომპენსაციის გადახდას წაახალისებს.

პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზემ განაცხადა, რომ ჟურნალისტური შრომა უნდა ანაზღაურდეს. მისი თქმით, მსხვილმა საერთაშორისო კორპორაციებმა არ უნდა მიიღონ მოგება საინფორმაციო კონტენტიდან მისი შემქმნელებისთვის სამართლიანი ანაზღაურების გარეშე. ალბანეზემ დასძინა, რომ ჟურნალისტიკაში ინვესტიციები აუცილებელია „ჯანსაღი დემოკრატიის“ ფუნქციონირებისთვის.

ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებმა ინიციატივა გააკრიტიკეს და მას ფაქტობრივად „ციფრული მომსახურების გადასახადი“ უწოდეს. მათი შეფასებით, შემოთავაზებული მოდელი არ ითვალისწინებს სარეკლამო ინდუსტრიაში მომხდარ ცვლილებებს და მედიისთვის მდგრად დაფინანსებას ვერ უზრუნველყოფს.

ეს უკვე მეორე მცდელობაა, რომ ავსტრალიამ საკანონმდებლო დონეზე დაავალდებულოს ციფრული პლატფორმები, გადაიხადონ მათ სერვისებზე გავრცელებული საინფორმაციო კონტენტის გამოყენებისთვის.

მანამდე სასამართლომ Google-სა და Meta-ს 6 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა ქსელურ დამოკიდებულებასთან დაკავშირებულ საქმეზე.