თბილისი (GBC) - BBC იუწყება, რომ ნავთობის ფასები გაიზარდა მას შემდეგ, რაც აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გეგმები კვლავ შეფერხდა. Brent-ის მარკის ნავთობის ფასი, რომელიც გლობალურ ეტალონად ითვლება, თითქმის 2%-ით გაიზარდა და ბარელზე 107,26 დოლარი შეადგინა, ხოლო აშშ-ში ნავთობის ფასი 1%-ით გაიზარდა და 95,4 დოლარს მიაღწია.

ეს მოხდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შაბათს განაცხადა, რომ ვაშინგტონმა გააუქმა პაკისტანში დელეგაციის გაგზავნის გეგმა, სადაც ირანელ კოლეგებთან მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო.

ენერგორესურსების გლობალური მიწოდება ირანის ომის დაწყების დღიდან ძლიერი ზეწოლის ქვეშაა, რადგან კონფლიქტის გამო ჰორმუზის სრუტე - უმნიშვნელოვანესი წყლის გზა, ფაქტობრივად ჩაიკეტა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა სეიდ აბას არაღჩიმ კვირას განაცხადა, რომ ომანთან, მათ მეზობელთან სრუტის გასწვრივ, მიმდინარეობს „მნიშვნელოვანი დისკუსიები ორმხრივ საკითხებსა და რეგიონულ მოვლენებზე“.

მან სოციალურ ქსელში დაწერა: „ჩვენი ყურადღება გამახვილებული იყო უსაფრთხო ტრანზიტის უზრუნველყოფის გზებზე, რაც სასარგებლო იქნება ყველა ძვირფასი მეზობლისთვის და მსოფლიოსთვის. ჩვენი მეზობლები ჩვენი პრიორიტეტია“.

ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ირნას“ (Irna) ცნობით, არაღჩი ორშაბათს სანქტ-პეტერბურგში ჩავიდა „რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისა და მოლაპარაკებების გამართვის მიზნით“.

მსოფლიოს ნედლი ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) დაახლოებით მეხუთედი, როგორც წესი, სწორედ ჰორმუზის სრუტეზე გადის. Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 10%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ტრამპმა გამოაცხადა, რომ გაახანგრძლივებდა თეირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რათა მის ხელმძღვანელობას „ერთიანი წინადადების“ წარდგენის შანსი ჰქონოდა.

სოფი ჰუინმა, BNP Paribas-ის პორტფელის მენეჯერმა და სტრატეგმა, განაცხადა, რომ სრუტის ხანგრძლივმა ჩაკეტვამ შესაძლოა გავლენა იქონიოს ყველაფრის ფასზე - „ნაგვის პარკებიდან დაწყებული, მედიკამენტებით დამთავრებული“.

„ვფიქრობ, ჩვენ სათანადოდ ვერ ვაფასებთ იმ მასშტაბებს, თუ რა პროდუქტებზე შეიძლება იმოქმედოს ნავთობის დეფიციტმა. ჩვენ ხომ ნედლ ნავთობს კი არ მოვიხმართ, არამედ პროდუქტებს“, - განუცხადა მან BBC-ის გადაცემა Today-ს.

მისი თქმით, თუ სრუტე კიდევ რამდენიმე კვირა დარჩება ჩაკეტილი, შედეგები „მიწოდების ჯაჭვის თვალსაზრისით მართლაც შორს მიმავალი იქნება“.

სინგაპურის მენეჯმენტის უნივერსიტეტის ეკონომიკის ლექტორმა, გო ჯინგ რონგმა აღნიშნა, რომ ნავთობის ტრეიდერები ნაკლებად რეაგირებენ ბოლო სათაურებზე და ელოდებიან კონფლიქტის განმუხტვის „სარწმუნო“ მტკიცებულებებს.

„ვფიქრობ, ტრეიდერებს სურთ კონკრეტული მტკიცებულებები და არა მხოლოდ მყიფე და შექცევადი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“, - თქვა გომ.

ტრამპმა შაბათს Truth Social-ის პოსტში დაწერა, რომ ისლამაბადში აშშ-ის წარმომადგენლების გაგზავნაზე „ძალიან ბევრი დრო იხარჯებოდა მგზავრობაში“ და ეს იყო „ზედმეტი სამუშაო“.

პრეზიდენტმა დასძინა, რომ თეირანის ხელმძღვანელობაში „არის უზარმაზარი შიდა დაპირისპირება და დაბნეულობა“. „არავინ იცის, ვინ არის პასუხისმგებელი, მათ შორის არც თავად მათ“, - თქვა მან. „გარდა ამისა, ყველა კარტი ჩვენს ხელშია, მათ კი არაფერი აქვთ! თუ საუბარი სურთ, საკმარისია უბრალოდ დარეკონ!“

აზიის ბირჟებზე აქციების ფასები კვლავ იზრდებოდა და ზოგიერთმა მთავარმა საფონდო ბაზარმა რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტის დასაწყისში ფასები მკვეთრად დაეცა.

იაპონიის Nikkei 225 ინდექსი ორშაბათს 1,7%-ით გაიზარდა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა გასულ თვეში დაფიქსირებული თითქმის 14%-იანი მატება.

სამხრეთ კორეის Kospi ბოლო ერთ თვეში 20%-ზე მეტით გაიზარდა, ორშაბათს კი მატებამ 2,5% შეადგინა.

იაპონიის და სამხრეთ კორეის საფონდო ბირჟებმა თავიდან დიდი დარტყმა მიიღეს, რადგან მათი ეკონომიკა დიდწილად არის დამოკიდებული ყურის რეგიონიდან ენერგომატარებლების მიწოდებაზე.