თბილისი (GBC) – უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის ვადის მორიგი გაგრძელების შესახებ კანონპროექტები წარუდგინა. შესაბამისი დოკუმენტაცია პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

კანონპროექტების თანახმად, საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის ვადის გაგრძელება იგეგმება 2026 წლის 4 მაისიდან კიდევ 90 დღით - 2026 წლის 2 აგვისტომდე. შესაბამისად, პარლამენტი საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გაგრძელების საკითხს მეცხრამეტედ განიხილავს.

მანამდე ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციასთან ომი არ დასრულდება მანამ, სანამ უკრაინა უსაფრთხოების ქმედით გარანტიებს არ მიიღებს; იქამდე კი საომარი მდგომარეობის დასრულებაც შეუძლებელია.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა საომარი მდგომარეობის გაუქმება ზავის დროს, პრეზიდენტმა უპასუხა:

„უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ყველას გვსურს, რომ ომი დასრულდეს და მაშინ დასრულდება საომარი მდგომარეობის მოქმედებაც. სწორედ ასე და მხოლოდ ასე. თუმცა, საომარი მდგომარეობის დასრულება მოხდება იმ მომენტში, როდესაც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები გაუჩნდება. უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ეს ომი რეალურად არ დასრულდება, ჩვენ ვერ ვაღიარებთ მის დასრულებას, რადგან ასეთი მეზობლის პირობებში არსებობს განმეორებითი აგრესიის რისკი“, - განაცხადა ზელენსკიმ.