თბილისი (GBC) - უკრაინამ უნგრულ ნავთობჯგუფ MOL-ს აცნობა, რომ „დრუჟბას“ ნავთობსადენით რუსული ნედლი ნავთობის მიწოდება აღდგება. ამის შესახებ MOL-მა ოთხშაბათს განაცხადა, რაც ბუდაპეშტს მოტივაციას მისცემს, განბლოკოს კიევისთვის განკუთვნილი 90 მილიარდი ევროს ($105.79 მილიარდი) ოდენობის სესხი.
ნავთობსადენი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პოლიტიზებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტად იქცა მას შემდეგ, რაც დასავლეთ უკრაინაში რუსულმა დრონმა დააზიანა მილსადენი, რის შედეგადაც შეწყდა რუსული ნავთობის მიწოდება უნგრეთსა და სლოვაკეთში. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, რომელმაც 12 აპრილის არჩევნები წააგო, და სლოვაკეთის მთავრობამ უკრაინა სარემონტო სამუშაოების განზრახ გაჭიანურებაში დაადანაშაულეს, რასაც კიევი უარყოფდა.
როგორც სამშაბათს დარგის ინფორმირებულმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, უკრაინა „დრუჟბას“ მილსადენით ნავთობის გადაქაჩვას ოთხშაბათს განაახლებს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა რემონტის დასრულება და მოუწოდა ევროკავშირს, განებლოკა 90 მილიარდი ევროს ($105.74 მილიარდი) ოდენობის კრედიტი, რომელიც მილსადენის ირგვლივ დავის გამო იყო შეჩერებული.
„სს „უკრტრანსნავტამ“, რომელიც პასუხისმგებელია „დრუჟბას“ ნავთობსადენის უკრაინულ მონაკვეთზე, ოფიციალურად აცნობა MOL-ს, რომ სარემონტო სამუშაოები დასრულებულია და 2026 წლის 27 იანვრიდან მოქმედი ფორსმაჟორული პირობები 2026 წლის 21 აპრილის 18:00 საათიდან გაუქმდა. შეტყობინების თანახმად, „უკრტრანსნავტა“ მზად არის განაახლოს ნედლი ნავთობის ტრანზიტი უნგრეთსა და სლოვაკეთში“, - ნათქვამია MOL-ის განცხადებაში.
უნგრეთის მომავალმა პრემიერმაც ნავთობის მიწოდების აღდგენა მოითხოვა
ორშაბათს, უნგრეთის არჩევნებში გამარჯვებულმა პეტერ მადიარმა მოუწოდა ზელენსკის, გაეხსნა დაზიანებული მილსადენი ფუნქციონირების აღდგენისთანავე, რუსეთს კი - განეახლებინა ტრანზიტი.
Reuters წერს, ნავთობის მიწოდების აღდგენის პერსპექტივასთან ერთად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები ბრიუსელში კვლავ დაუბრუნდებიან იმ სესხის დამტკიცების საკითხს, რომელიც ბუდაპეშტს ნავთობის ექსპორტის განახლებამდე ჰქონდა დაბლოკილი.
როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს, უნგრეთს აქვს უფლება დაბლოკოს სესხი, მიუხედავად იმისა, რომ თავად მასში ფინანსური წვლილი არ შეაქვს. აღნიშნულმა კრედიტმა 2026 და 2027 წლებში უკრაინის ფინანსური საჭიროებების ორი მესამედი უნდა დაფაროს, მაშინ როცა ქვეყანა რუსეთის აგრესიას იგერიებს.