თბილისი (GBC) - „გალტ & თაგარტის“ ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, 1Q26-ში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 8%-ით გაიზარდა. მკვლევრები ზრდას განსაკუთრებით ცივ ზამთარსა და იანვარ-თებერვალში ფეროშენადნობებისა და დატა ცენტრების სექტორების გააქტიურებას უკავშირებენ.

მარტის მაჩვენებლები და იმპორტდამოკიდებულება

უშუალოდ მარტში ადგილობრივი მოხმარება 4.3%-ით გაიზარდა და 1.3 ტვტ.სთ შეადგინა. ზრდა ძირითადად საცალო სექტორმა (+8.7% წ/წ) და აფხაზეთის რეგიონმა (+9.4% წ/წ) განაპირობეს. ამავდროულად, პირდაპირი მომხმარებლების კატეგორიაში 11%-იანი კლება დაფიქსირდა, რაც მონაცემთა დამუშავების კომპანიების მხრიდან მოთხოვნის შემცირებითაა გამოწვეული.

ჰიდროლოგიური პირობების გამო, მარტში ჰიდროგენერაცია წლიურად 8.6%-ით შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ენგურ-ვარდნილის გამომუშავება 49%-ით გაიზარდა (ეს უკანასკნელი მეტწილად შარშანდელი დაბალი ბაზის ეფექტი იყო). შედეგად, თბოგენერაციისა და იმპორტის ერთობლივი წილი 34%-დან (2025 წლის მარტი) 42%-მდე (2026 წლის მარტი) გაიზარდა, რაც სისტემის მზარდ იმპორტდამოკიდებულებაზე მიუთითებს.

ალტერნატიული ენერგია და იმპორტის კონკურენცია

მიუხედავად ახალი სიმძლავრეების ეტაპობრივი დამატებისა, ქარისა და მზის სადგურების წილი ჯამურ მიწოდებაში კვლავ მცირეა და მარტში მხოლოდ 1.2%-ს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ მარტში ტესტირების რეჟიმში გაეშვა „ზემო ქარის სადგური“ (18.7 მგვტ).

საინვესტიციო ბანკის მიმოხილვაში ხაზგასმულია თურქეთის კვლავ გამოჩენა ტოპ იმპორტიორებს შორის, რაც ბაზარზე კონკურენციის ზრდასა და სტრუქტურულ ცვლილებებზე მიანიშნებს. არჩევანი იმპორტსა და თბოგენერაციას შორის კი ფასმა განსაზღვრა:

  • გარდაბანი 1: 4.3 აშშ ცენტი/კვტ.სთ
  • იმპორტი თურქეთიდან: 4.6 აშშ ცენტი/კვტ.სთ
  • გარდაბანი 2: 5.5 აშშ ცენტი/კვტ.სთ
  • იმპორტი აზერბაიჯანიდან: 6.0 აშშ ცენტი/კვტ.სთ
  • ჯი-ფაუერი / მტკვარი ენერჯი: 6.2 – 6.4 აშშ ცენტი/კვტ.სთ

მაღალი ტარიფის გამო, „ჯი-ფაუერი“ და „მტკვარი ენერჯი“ მხოლოდ შეზღუდული მოცულობით, ტექნიკური საჭიროებიდან გამომდინარე მუშაობდნენ. ჯამურად, პირველ კვარტალში მოხმარების ნახევარზე მეტი (51.2%) კვლავ თბოგენერაციითა და იმპორტით დაკმაყოფილდა.