თბილისი (GBC) – 2026 წლის პირველ კვარტალში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მოცულობა წლიურად 24%-ით გაიზარდა და $941 მლნ შეადგინა. ზრდის ძირითად დრაივერად მარტის თვეში ტრანზაქციების აქტივობა და მსხვილი სამშენებლო პროექტების დასრულება დასახელდა.

„თიბისი კაპიტალის“ მიერ გამოქვეყნებული მიმოხილვის თანახმად, იანვარ-მარტის პერიოდში დედაქალაქში სულ 10,723 ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19%-იანი მატებაა. ამავე პერიოდში უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი 6%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე 1,343 აშშ დოლარი შეადგინა.

მხოლოდ მარტის თვეში ბაზარმა განსაკუთრებული დინამიკა აჩვენა – ბაზრის მოცულობა 33%-ით გაიზარდა და 352 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. თვის განმავლობაში სულ 4,031 ბინა გაიყიდა (+32% წლიურად), თუმცა საშუალო ფასის ზრდა შედარებით ზომიერი იყო და 4% შეადგინა (1,341 აშშ დოლარი/კვ.მ).

საინტერესოა ტრანზაქციების განაწილება ბინების ტიპების მიხედვით:

  • ძველი ბინები: მარტში გაყიდვები 40%-ით გაიზარდა და 3,467 ტრანზაქცია შეადგინა.
  • ახალი ბინები: დაფიქსირდა 3%-იანი კლება (564 ტრანზაქცია), რაც ჯამური გაყიდვების მხოლოდ 14%-ს შეადგენს.

გაყიდვებისგან განსხვავებით, კვლავ კლებადი დინამიკა ნარჩუნდება ქირის ბაზარზე. მარტის მონაცემებით, საცხოვრებელი ფართის იჯარის ფასი კვადრატულ მეტრზე საშუალოდ 10.1 აშშ დოლარია, რაც წლიურად 5%-იან შემცირებას ნიშნავს.

ანალიტიკოსების შეფასებით, ბაზრის მოცულობისა და ტრანზაქციების ზრდა ნაწილობრივ განპირობებულია ბაზარზე ახალი, მასშტაბური სამშენებლო პროექტების მიწოდების ეტაპობრივი დასრულებით, რამაც გაზარდა ხელმისაწვდომი საცხოვრებელი ფონდი.