თბილისი (GBC) - ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს წინასწარი მხარდაჭერა გამოუცხადეს. ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, კვიპროსი  ადასტურებს

The Guardian წერს, რომ გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც უნგრეთმა და სლოვაკეთმა, რომლებიც თვეების განმავლობაში ბლოკავდნენ ორივე საკითხს, საკუთარი პოზიცია შეცვალეს. ბლოკირების მთავარი მიზეზი „დრუჟბას“ ნავთობსადენის დაზიანება იყო, რის გამოც აღნიშნული ქვეყნები რუსულ ნავთობს ვერ იღებდნენ.

ოთხშაბათს უკრაინულმა მხარემ ოფიციალურად განაცხადა სარემონტო სამუშაოების დასრულებისა და ნავთობის ტრანზიტის აღდგენის შესახებ, რამაც ბუდაპეშტსა და ბრატისლავას ვეტოს მოხსნისკენ უბიძგა.

„ორივე საკითხზე მიღწეულია წინასწარი შეთანხმება. ახლა დაიწყება წერილობითი პროცედურა საბოლოო დამტკიცებისთვის“, - განაცხადა კვიპროსის თავმჯდომარეობის წარმომადგენელმა.

The Guardian წერს, ოფიციალური პროცედურა, სავარაუდოდ, ხუთშაბათს შუადღისას დასრულდება, რაც სიმბოლურად ემთხვევა კვიპროსში დაგეგმილ ევროკავშირის ლიდერების სამიტს. 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტი უკრაინის 2026-2027 წლების ფინანსური საჭიროებების დაახლოებით ორ მესამედს დაფარავს.

რაც შეეხება სანქციების მე-20 პაკეტს, ის რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ახალ შეზღუდვებს ითვალისწინებს, თუმცა მისი დეტალები საბოლოო დამტკიცების შემდეგ გახდება ცნობილი. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ მანამდე განაცხადა, რომ სანქციებს მხარს მხოლოდ მილსადენის რეალურად ამოქმედების შემთხვევაში დაუჭერდა, რაზეც ელჩების დღევანდელი გადაწყვეტილება მიუთითებს.