თბილისი (GBC) – ირანი მზად არის დაბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდაზე შეერთებულ შტატებთან, ორკვირიანი ზავის დასრულების დღეს, იუწყება Axios ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის თანახმად, თეირანი აჭიანურებდა ამერიკულ მხარესთან შეხვედრის დადასტურებას, რადგან ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი მტკიცე პოზიციას ითხოვდა – არანაირი საუბარი მშვიდობაზე, ვიდრე ვაშინგტონი არ შეწყვეტდა ჰორმუზის სრუტის ბლოკადას. ამავე დროს, შუამავლები პაკისტანი, ეგვიპტე და თურქეთი თეირანს მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელებისკენ მოუწოდებდნენ.
Axios-ის ინფორმაციით, ორშაბათს საღამოს ირანელმა მომლაპარაკებლებმა ქვეყნის უზენაესი ლიდერის მოჯთაბა ხამენეის თანხმობა მიიღეს დიალოგის გასაგრძელებლად.
ვაშინგტონში, თეთრ სახლში, მთელი დღის განმავლობაში ელოდნენ თეირანის სიგნალს მეორე რაუნდში მონაწილეობის შესახებ. ამ ფონზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა ორკვირიანი ზავის გახანგრძლივება. მიუხედავად ამისა, მან ზავს ერთი დღე დაუმატა და აღნიშნა, რომ იგი ოთხშაბათის საღამოს ამოიწურება.
„თუ ირანი ახალ მოლაპარაკებებზე არ წამოვა, ის პრობლემებს წააწყდება, როგორსაც ადრე არასდროს შეხვედრია“, — განაცხადა ტრამპმა. მისი თქმით, შეთანხმების შემთხვევაში ირანს „ბირთვული იარაღი არ ექნება“.
აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 11–12 აპრილს გაიმართა და უშედეგოდ დასრულდა. ირანის სახელმწიფო სააგენტო IRNA აღნიშნავდა, რომ პროცესის შეფერხების მიზეზი იყო „აშშ-ის გადაჭარბებული მოთხოვნები“, „პოზიციების მუდმივი ცვლილება“ და „ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები“, ასევე ისლამური რესპუბლიკის საზღვაო პორტების ბლოკადა.
ირანის სამხედროებმა ვაშინგტონი ზავის დარღვევაშიც დაადანაშაულეს – მათი განცხადებით, ამერიკელებმა იერიში მიიტანეს ჩინეთიდან მიმავალ ერთ-ერთ ირანულ სავაჭრო გემზე და საპასუხო ნაბიჯებით დაიმუქრნენ.
გუშაგთა კორპუსთან დაახლოებულმა სააგენტომ Tasnim News Agency გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანი არ გეგმავს დელეგაციის გაგზავნას პაკისტანში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე, ვიდრე ჰორმუზის სრუტის ბლოკადა ძალაში რჩება.