თბილისი (GBC) – რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მევენახეობის სახელმწიფო სუბსიდირების მოცულობა 2025 წლისთვის მკვეთრად იზრდება და 10.97 მილიონ ლარს აღწევს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ GBC-სთვის მიწოდებული მონაცემებით, ეს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ აღემატება წინა, 2024 წლის სუბსიდირების ბიუჯეტს.
სტატისტიკური დინამიკა აჩვენებს, რომ 2021 წლის შემდეგ (₾4.62 მლნ) სექტორის სახელმწიფო დაფინანსება 137,2%-ით არის გაზრდილი. მიუხედავად იმისა, რომ 1 კგ ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე სუბსიდიის განაკვეთი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 4 ლარზე სტაბილურად ნარჩუნდება, ჯამური ბიუჯეტის ზრდა წარმოების მასშტაბების გაფართოებასა და გაძვირებულ ლოგისტიკურ ხარჯებს უკავშირდება.

სუბსიდირებას აქვს მოკლევადიანი ეკონომიკური ეფექტი, ამას უყვება GBC-ის რაჭველი მეღვინე, რომელიც სააგენტომ ანონიმურობის დაცვით პირობით ჩაწერა.
“2020 წლიდან ვსარგებლობთ სუბსიდირებით. საწარმოსთვის ეს კარგია, რადგან ყიდულობს ყურძენს იაფად, 8 ლარის მაგივრად საწარმო იხდის 4 ლარს. ფაქტობრივად ნახევარ ფასში ყიდულობს. ყურძნის ხარისხზე ეს დადებითად არ აისახება, იმ პირობით, რა პირობითაც სუბსიდია გაიცემა. ფერმერს გარანტირებული აქვს, რომ ყურძენს გაყიდის. პრაქტიკულად რთულია კარგი ხარისხის ყურძენი იყიდო და იყიდო ბევრი, რადგან მევენახეზე მთავრობის მიერ გაცემულ სუბსიდიას აქვს ეკონომიკური ეფექტი, ისინი ცდილობენ, რაოდენობაში ბევრი მოიყვანონ და არ აქცევენ ხარისხს ყურადღებას.
ჩემი აზრით, ყველანაირ ყურძენზე ერთი სასუბსიდიო ფასი არ უნდა არსებობს. უნდა გაკონტროლდეს საჰექტრო მოსავლიანობა, რომ დაბალი ხარისხი არ მივიღოთ. კონტროლს უნდა დაექვემდებაროს ყურძნის კონდიციაც, რომ იყოს ჯანსაღი შესაბამისი შაქრიანობით.
ყველაზე ცუდი არის ის, რომ ღვინოს ვერ ვყიდით და ნამატი პროდუქტი გვაქვს. გარდა სუბსიდიისა, სახელმწიფომ 2025 წელს ძალიან დიდი რაოდენობით ყურძენი თავად შეისყიდა. ანუ, მოთხოვნა არ იყო ამ ყურძენზე და მოთხოვნა, რომ არ იყო ეგაა ცუდი. სახელმწიფოს არ უნდა უწევდეს ამ ყურძნის შეძენა. მაგრამ რომ არა სუბსიდირება, მოთხოვნის არ ქონის შემთხვევაში ძალიან ბევრ ფერმერს დარჩებოდა გაუყიდავი მოსავალი”, - აღნიშნავს რაჭველი მეღვინე GBC-სთან საუბარში და იქვე დასძენს, რომ "რაჭა-ლეჩხუმის მეღვინეობის სექტორის მთავარი გამოწვევა არა ყურძნის შესყიდვა, არამედ ღვინის რეალიზაციაა. ერთ-ერთი მეღვინე აღნიშნავს, რომ მარნებს უფრო მეტად ესაჭიროებათ დახმარება გაყიდვების, ბაზრის მოძიებისა და პოზიციონირების მიმართულებით, ვიდრე ყურძნის შესყიდვაში".
მიუხედავად იმისა, რომ 1 კგ ყურძენზე (ალექსანდროული და მუჯურეთული) სუბსიდია 3-დან 4 ლარამდე გაიზარდა და ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სტაბილურად ნარჩუნდება, დარგის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს არ ნიშნავს ფერმერთა წმინდა მოგების ზრდას. გაზრდილი სუბსიდია ძირითადად გაძვირებული თვითღირებულების კომპენსირებას ხმარდება.
ანალიტიკოსების შეფასებით, 2025 წლის „ბიუჯეტური ნახტომი“ აძლიერებს ფერმერთა მოწყვლადობას, რადგან რაჭა-ლეჩხუმის მევენახეობა სულ უფრო მეტად ხდება სახელმწიფო დონაციაზე დამოკიდებული, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში დარგის მდგრადობისთვის რისკის შემცველია.