თბილისი (GBC) - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI) პარლამენტში წარდგენილ „ვაზისა და ღვინის შესახებ“ ახალ კანონპროექტს კორუფციული რისკების შემცველად და მცირე მეწარმეებისთვის დამაზიანებლად აფასებს. ორგანიზაციის განცხადებით, დაგეგმილი ცვლილებები, რომლებიც ვენახის გაშენებაზე სავალდებულო ნებართვის შემოღებასა და საოჯახო მარნებისთვის ბიუროკრატიული ტვირთის გაზრდას ითვალისწინებს, ღვინის ეროვნულ სააგენტოს „გაუმჭვირვალე ძალაუფლებას“ ანიჭებს და ბაზარზე მცირე მოთამაშეების შევიწროების საფრთხეს ქმნის.

4 მარტს მეორე მოსმენით იქნა მიღებული ცვლილებები „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში. წარმოდგენილი კანონპროექტი რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას გვთავაზობს მევენახეობა-მეღვინეობის სექტორში, რომელთაგან უმეტესობა, TI-ის შეფასებით, კორუფციული რისკების ზრდას გამოიწვევს და მცირე მარნების თვითნებურად შევიწროების დამატებით საფრთხეებს გააჩენს.

"კანონპროექტი მნიშვნელოვნად ზრდის ღვინის ეროვნული სააგენტოს ძალაუფლებას, რომელსაც უკვე არა მხოლოდ მაკონტროლებლის ფუნქცია ექნება, არამედ ბაზარზე დაშვების მარეგულირებელიც ხდება.

1. სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე სავალდებულო თანხმობა იქნება საჭირო

ეს კანონპროექტის ყველაზე არსებითი ცვლილებაა. კანონს ემატება ახალი ტერმინი „თანხმობა ვენახის გაშენებაზე“.

არსი: სამეწარმეო ვენახის (ვენახი, რომლის მოსავალიც კომერციული მიზნით გამოიყენება) გაშენება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე იქნება შესაძლებელი.

მოქმედი რედაქცია: ამჟამად სამეწარმეო ვენახის გაშენება თავისუფალია, სავალდებულოა მხოლოდ „ნებადართული ვაზის ჯიშების“ გამოყენება. ახალი რედაქციით, ჯიშის დაცვა საკმარისი არ არის, საჭიროა სააგენტოს ნებართვაც.

რისკფაქტორები:

კანონი არ ადგენს თანხმობის გაცემის ან უარის თქმის წინაპირობებს - ყველა კრიტერიუმი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება, რომელიც კანონით შეზღუდული არ არის. მინისტრს შეუძლია ნებისმიერი წესი დაადგინოს და ნებისმიერ დროს შეცვალოს თავისი შეხედულებისამებრ.
კანონი არ ადგენს გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს, ვადებს, გამჭვირვალობის ვალდებულებებს ან გასაჩივრების მექანიზმს.

განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ „თანხმობა გაიცემა უფასოდ“, მაგრამ ეს კანონის ტექსტით არ არის გამყარებული და ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს.

2. მცირე მარნების ვალდებულებები იზრდება

არსი: აქამდე კანონი ათავისუფლებდა ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების ვალდებულებისგან იმ მწარმოებლებს, რომლებიც წელიწადში 1500 ლიტრზე ნაკლებ ღვინოს აწარმოებდნენ (საოჯახო მარნები).

ცვლილება: აღრიცხვიანობისა და ბიუროკრატიული ანგარიშგების ვალდებულება გავრცელდება ყველაზე, მათ შორის მცირე, საოჯახო მარნებზეც.

გამონაკლისის გაუქმება ათასობით საოჯახო მარანს ბიუროკრატიული ტვირთის ქვეშ აქცევს. ისინი ვალდებულები იქნებიან აწარმოონ რთული ტექნოლოგიური აღრიცხვა და აგზავნონ შეტყობინებები სააგენტოში. დღეს ქართული მაღალი ხარისხის ღვინო, რომლითაც გაითქვა ქვეყანამ სახელი, მნიშვნელოვანწილად სწორედ მცირე მარნების მიერ იწარმოება და ამ პირობებში ალოგიკური და ზიანის მომტანი იქნება რეგულაცია, რომელიც ამ მცირე მეღვინეობებს დაუმძიმებს მდგომარეობას და გაურთულებს დიდ ინდუსტრიულ მეღვინეობებთან კონკურენციას. გარდა ამისა, ეს ზრდის რისკს, რომ მარეგულირებელმა ორგანომ ეს ვალდებულებები გამოიყენოს მცირე მწარმოებლების შერჩევითი კონტროლისა და შევიწროებისთვის.

3. დაცული ადგილწარმოშობის ღვინის შერევის წესი მკაცრდება

არსი: აქამდე დაშვებული იყო, რომ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის (მაგ: წინანდალი, მუკუზანი) წარმოებისას, 15%-მდე ყურძენი ყოფილიყო სხვა ქვეზონიდან ან მიკროზონიდან.

შედეგი: ცვლილების შემდეგ, 100% ყურძენი მკაცრად უნდა მოდიოდეს კონკრეტული ადგილწარმოშობის ზონიდან. 15%-იანი გამონაკლისი უქმდება.

მიუხედავად იმისა, რომ შერევის შეზღუდვა, შესაძლოა, ხარისხის დაცვას ისახავდეს მიზნად, კანონპროექტის მომზადების ეტაპზე არ ჩატარებულა კვლევა თუ რამდენ მწარმოებელს შეიძლება შეეხოს ეს შეზღუდვა და რამდენად რთული იქნება მათთვის საკუთარი წარმოების ახალ რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანა. თუ ზოგიერთი მწარმოებელი წლების მანძილზე სარგებლობდა 15%-იანი შეღავათით, ახალი, უფრო მკაცრი ნორმა (რომელიც ძალაში დაუყოვნებლივ შედის) ადმინისტრაციული სასჯელის შერჩევით იარაღად შეიძლება იქცეს.

პასუხგაუცემელი შეკითხვები და რისკები

ზემოაღნიშნული ცვლილებები აჩენს არაერთ ლეგიტიმურ და პასუხგაუცემელ შეკითხვას, რომლებზეც კანონპროექტის ავტორებს არ უმსჯელიათ:

  • მეწარმის ფუნდამენტური უფლების გაუმჭვირვალე შეზღუდვა: რატომ იზღუდება მეწარმის ფუნდამენტური უფლება – აწარმოოს და გაყიდოს პროდუქტი – ისეთი ბუნდოვანი მიზნით შემოღებული ნებართვით, რომლის გაცემის კრიტერიუმები, ვადები, გასაჩივრების წესი და გამჭვირვალობის სტანდარტი კანონით (თუნდაც ჩარჩოს დონეზე) საერთოდ არ არის დაწესებული? როდესაც სააგენტო ირგებს საერთაშორისო პრაქტიკისთვის შეუსაბამო ფუნქციებს და ყველა გადაწყვეტილება მინისტრის ერთპიროვნულ ბრძანებას არის მინდობილი, რა ანტიკორუფციული მექანიზმი გვიცავს იმისგან, რომ ეს გაუმჭვირვალე პროცედურები ბაზრის მოთამაშეების შერჩევითი კონტროლისა და შევიწროებისთვის არ იქნეს გამოყენებული?
  • მცირე მარნების რისკები: რას ემსახურება მცირე, საოჯახო მარნებისთვის დაწესებული გამონაკლისის გაუქმება და რთული ტექნოლოგიური აღრიცხვიანობის დავალდებულება? ხომ არ შექმნის ეს არაპროპორციული ტვირთი მცირე მწარმოებლების ბაზრიდან განდევნის ან მათი ჩრდილოვან ეკონომიკაში გადასვლის საფრთხეს?
  • მოსაკრებლის დაწესების საფრთხე: თუკი განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ ვენახის გაშენებაზე ნებართვა გაიცემა „უფასოდ“, რატომ არ არის ეს უმნიშვნელოვანესი ჩანაწერი პირდაპირ ასახული კანონის ტექსტში, რათა გამოირიცხოს მომავალში მინისტრის ბრძანებით მევენახეებისთვის დამატებითი მოსაკრებლების დაწესება?", - წერს TI.