თბილისი (GBC) – არაბთა გაერთიანებული საამიროები (UAE) 2026 წლის 1 მაისიდან ტოვებენ OPEC-ს და OPEC+-ის შეთანხმებას, რომელიც მსოფლიო ნავთობის ბაზარზე წარმოების რეგულირებას ისახავს მიზნად. ამის შესახებ სახელმწიფო სააგენტო Emirates News Agency (WAM) იუწყება.

WAM-ის ცნობით, გადაწყვეტილება ასახავს ქვეყნის „გრძელვადიან სტრატეგიულ და ეკონომიკურ ხედვას“ და მის „ცვალებად ენერგეტიკულ პროფილს“, მათ შორის შიდა ენერგოწარმოების დაჩქარებულ ინვესტირებას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნაბიჯი მიღებულია წარმოების პოლიტიკისა და არსებული და სამომავლო სიმძლავრეების ყოვლისმომცველი ანალიზის შემდეგ და ეფუძნება ეროვნულ ინტერესებს.

აღნიშნული განცხადება ვენაში 29 აპრილს დაგეგმილი OPEC-ის შეხვედრის წინ გაკეთდა.

სააგენტო აღნიშნავს, რომ მიუხედავად მოკლევადიანი ვოლატილობისა – მათ შორის არაბეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტეში მომხდარი შეფერხებებისა – საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ენერგიაზე გლობალური მოთხოვნა ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს.

„ვადასტურებთ მადლიერებას როგორც OPEC-ის, ისე OPEC+-ის ალიანსის ძალისხმევის მიმართ და წარმატებას ვუსურვებთ მათ“, – ნათქვამია განცხადებაში.

WAM-ის ინფორმაციით, UAE, რომელიც დღეში დაახლოებით 3–3,5 მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებს, OPEC-ში ყოფნის პერიოდში მნიშვნელოვან წვლილს დებდა და „კოლექტიური ინტერესების სასარგებლოდ დამატებით მსხვერპლზეც მიდიოდა“.

„დადგა დრო, ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რასაც ჩვენი ეროვნული ინტერესები და ჩვენი ვალდებულებები ინვესტორების, კლიენტების, პარტნიორებისა და გლობალური ენერგეტიკული ბაზრების წინაშე გვკარნახობს“, — აღნიშნულია განცხადებაში.