თბილისი (GBC) – საქართველოს წმინდა სინოდმა სამშაბათის სხდომაზე პატრიარქობის სამი კანდიდატი დაასახელა: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.

როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განაცხადა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა კი მიიღო 7-7 ხმა.

მისივე განმარტებით, სხვა კანდიდატები იყვნენ მეუფე გრიგოლ კაცია, მეუფე დოსითეოსი და მეუფე მელქისედეკი.

„დასრულდა დღევანდელი სინოდი. როგორც ყოველთვის სინოდის განჩინებას მოგვიანებით წაიკითხავს სინოდის მდივანი. დღეს იყო საპატრიარქო კანდიდატების გამორჩევა. სამი კანდიდატი იქნა გამორჩეული: მოსაყდრე შიო, მეუფე იობი, მეუფე გრიგოლი. შემდგომში, მოგეხსენებათ, რომ ამ სამ კანდიდატს შორის კენჭისყრა შედგება უკვე გაფართოებულ სხდომაზე, სადაც კენჭისყრის შედეგი უკვე გვაჩვენებს ვინ იქნება მომავალი პატრიარქი. თარიღი არ არის ჯერ ცნობილი. რაც შეეხება იმას ვინ რამდენი ხმა აიღო, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა მიიღო 7-7 ხმა. ასევე დასახელდა კანდიდატად მეუფე გრიგოლ კაცია, მეუფე დოსითეოსი და მეუფე მელქისედექი. დღევანდელ სხდომაზე მთავარი პრინციპული საკითხი რაც ამ თემებს გადაწყვეტდა იყო ის, რომ მართვა-გამგეობის დებულებაში არსებული ჩანაწერები შესრულებულიყო ზედმიწევნით, ამის მიხედვით იხელმძღვანელა სინოდმა“, - უთხრა ჟურნალისტებს ჯაღმაიძემ.