თბილისი (GBC) – არაბთა გაერთიანებული საამიროების (UAE) გადაწყვეტილება, დატოვოს OPEC და OPEC+, „მნიშვნელოვან დარტყმას“ მიაყენებს ნავთობის კარტელსა და მის ფაქტობრივ ლიდერს, საუდის არაბეთს. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი Financial Times (FT) წერს.

გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება, რომელიც OPEC-ში ნავთობის მესამე უმსხვილეს მწარმოებელს ეკუთვნის, ხაზს უსვამს აბუ დაბის ხანგრძლივ უკმაყოფილებას წარმოების კვოტებთან დაკავშირებით, ასევე მიუთითებს საუდის არაბეთთან არსებული დაძაბულობის შენარჩუნებაზე. FT აღნიშნავს, რომ ირანში ომამდე საამიროები დღეში დაახლოებით 3.4 მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებდნენ.

საამიროების ენერგეტიკის მინისტრმა სუჰაილ ალ–მაზრუიმ გამოცემას განუცხადა, რომ გადაწყვეტილება იყო „სუვერენული ნაბიჯი, რომელიც ეფუძნება ქვეყნის გრძელვადიან სტრატეგიულ და ეკონომიკურ ხედვას“. „ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობდით ჯგუფის მუშაობაში და ვუჭერდით მხარს მის ყველა გადაწყვეტილებას, თუმცა ახლა დროა მომავალზე ვიფიქროთ. ჩვენი შეფასებით, მომენტი სწორად არის შერჩეული, რადგან ეს მინიმალურ გავლენას მოახდენს მწარმოებლებზე“, – განმარტა მინისტრმა.

FT-ის შეფასებით, ამ ნაბიჯის შედეგების სრულად განსაზღვრა შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირება აღდგება ჰორმუზის სრუტის გავლით.

მანამდე საამიროების სახელმწიფო სააგენტომ WAM გაავრცელა ინფორმაცია, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები OPEC-სა და OPEC+-ს 2026 წლის 1–ლი მაისიდან დატოვებენ.