თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 1Q26-ში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.3 მილიონი შემოსვლა, რაც 1.1%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 45.7%, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.2 მილიონი შეადგინა, რაც 0.2%-ით ნაკლებია 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
1Q26-ში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 994.8 ათასს მიაღწია, რაც 2.5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 997.5 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 4%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საერთაშორისო ვიზიტორების 85.6% მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 11% შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.3% იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.
1Q26-ში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 202.4 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 20.3%-ს შეადგენდა. მეორე ადგილზე იყო თურქეთი 18.5%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 11.8%-იანი წილით.
ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა თურქეთის (238.4 ათასი), რუსეთის ფედერაციისა (230.7 ათასი) და სომხეთის (160.5 ათასი) მოქალაქეების მიერ.
ვიზიტორების უმრავლესობა (47.4%) მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას, ქალების რაოდენობა კი ვიზიტორების მთლიანი რაოდენობის 38.2%-ს შეადგენდა.
1Q26-ში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (46.5%) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.
ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 698.6 ათასი და 306 ათასი ვიზიტი.
საქსტატის მონაცემებით, 1Q26-ში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.87 ღამე შეადგინა, რაც 1Q25-ში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (5.50 ღამე) 6.8%-ით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 83.6% წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
1Q26-ში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები ₾2.2 მლრდ-ს გაუტოლდა, რაც 5.2%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 1Q25-თან შედარებით 5.1%-ით შემცირდა და 1 897.1 ლარი შეადგინა.