თბილისი (GBC) – ბელგიური კომპანია Jan De Nul N.V.-ის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ფსკერის დაღრმავება წლის ბოლომდე დასრულდება და პროექტი, რომელიც „შუა დერეფნის“ განვითარებისთვის სტრატეგიულად მიიჩნევა, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

პროექტის დირექტორის ერიკ ბეიტსის განმარტებით, სამუშაოების ძირითადი პარამეტრები შემდეგია:

  • გრუნტის ამოღება: დაგეგმილია ჯამში თითქმის 6 მილიონი კუბური მეტრი გრუნტის ამოღება, რაც კომპანიისთვის მასშტაბურ ამოცანას წარმოადგენს.
  • ტალღმტეხის მშენებლობა: მიმდინარეობს მზადება 1 380 მეტრი სიგრძის ტალღმტეხის მოსაწყობად. აღნიშნული ნაგებობა მომავალი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
  • ოპერაციული ეფექტიანობა: დასრულებული ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ნავსადგურის 95%-იან ღიაობას წლიურ ჭრილში, რაც პორტს დიდი გემების მიღებისა და მომსახურების შესაძლებლობას მისცემს.

ერიკ ბეიტსის შეფასებით, ანაკლიის პროექტი მნიშვნელოვანი სტიმული იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის. საზღვაო ინფრასტრუქტურის მთლიანი პროექტი მომავალი წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.

ბელგიური Jan De Nul N.V. ევროპული ე.წ. „დიდი ოთხეულის“ წევრი კომპანიაა, რომელიც ანაკლიაში ნავსადგურის აკვატორიის დაღრმავების და ტალღამტეხის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოებს ახორციელებს.