თბილისი (GBC) – მოსკოვის სასამართლომ დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის ანტიკორუფციული სარჩელი აგროჰოლდინგ „რუსაგრო“-ს დამფუძნებლის ვადიმ მოშკოვიჩისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ, იუწყება რუსული მედია.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს გადაეცემა მოშკოვიჩის სახელზე რეგისტრირებული „რუსაგრო“-ს 469 მილიონი აქცია, ასევე მისი მეუღლის, ნატალია ბიკოვსკაიას, დისშვილის სერგეი ტრიბუნსკისა და მისი მეუღლის, ლუიზა პლოშჩანსკაიას, კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორის მაქსიმ ბასოვის (დაახლოებით 73 მილიონი აქცია) და კომპანია „პკფ პროფიტ“-ის (24 მილიონი აქცია) სახელზე გაფორმებული ფასიანი ქაღალდები. შედეგად, კომპანია სახელმწიფოს კონტროლქვეშ გადავიდა.

გარდა ამისა, სახელმწიფოს შემოსავალში ჩაირიცხა მოშკოვიჩის საცხოვრებელში ჩატარებული ჩხრეკისას ამოღებული და მის საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხები: 10,5 მილიარდ რუბლზე მეტი, 1,8 მილიონი აშშ დოლარი, 1,6 მილიონი ევრო და 200 მილიონ იუანზე მეტი. ასევე გადაეცა ბასოვის კუთვნილი 87 მილიონი რუბლი და კომპანია „ფინანსური რესურსი“-ს ანგარიშებზე არსებული 3,7 მილიარდი რუბლი. სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა მოშკოვიჩის 100%-იანი წილი შპს „ფინანსური რესურსი“-ში და მისი წილები სხვა კომპანიებშიც.

ამასთან, სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა ნატალია ბიკოვსკაიას კუთვნილი საცხოვრებელი სახლის (მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს რაიონის სოფელ ტაგანკოვოში) და მოსკოვის ხამოვნიკის რაიონში მდებარე ბინის სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ.

ერთი დღით ადრე ხამოვნიკის სასამართლომ პროკურატურის სარჩელის ფარგლებში, რომელიც თაღლითობის ბრალდებას ეხება, მოშკოვიჩისა და ბასოვის, ასევე მათთან დაკავშირებული პირების ქონებაზე უზრუნველყოფითი ყადაღა დაადო. იმავე დღეს გახდა ცნობილი, რომ სარჩელი არსებითად 5 მაისს განიხილებოდა. ადვოკატებმა განაცხადეს, რომ სასამართლომ დაარღვია მხარეთა თანასწორობისა და დაცვის უფლების პრინციპი, რადგან სარჩელის 105-ზე მეტი ტომის მასალების გასაცნობად მათ ერთ დღეზე ნაკლები ვადა მიეცათ.

რუსეთის გენპროკურატურის შეფასებით, „რუსაგრო“-ს ღირებულება 550 მილიარდ რუბლზე მეტია. ერთ-ერთი წამყვანი რუსული აგროჰოლდინგის საერთო მოგება 74 მილიარდ რუბლს აღემატება, ხოლო წლიური შემოსავალი თითქმის 400 მილიარდ რუბლად ფასდება.

მოშკოვიჩის დაკავების შესახებ ინფორმაცია 26 მარტს გავრცელდა. „რუსაგრო“-ს რამდენიმე ოფისში ჩხრეკა ჩატარდა. მომდევნო დღეს ის წინასწარი პატიმრობის იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც 25 მაისამდე დარჩება. მის გარდა დაკავებულია კიდევ რამდენიმე პირი, მათ შორის მაქსიმ ბასოვი. მოშკოვიჩის ქონება 2,9 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. იგი რამდენიმე წლის განმავლობაში იყო ბელგოროდის ოლქის დუმის დეპუტატი და ბელგოროდის ოლქიდან ფედერაციის საბჭოს წევრი. 2022 წლიდან იგი ევროკავშირის პერსონალური სანქციების ქვეშ იმყოფება.