თბილისი (GBC) – NASA-მ „არტემიდა-II“-ის მისიის დასრულების შემდეგ 12 000-ზე მეტი ფოტო გაასაჯაროვა, იუწყება სააგენტო Reuters.

მისია პირველ აპრილს დაიწყო, 6 აპრილს კოსმოსური ხომალდი მთვარეს მინიმალურ მანძილზე მიუახლოვდა, ხოლო 10 აპრილს ეკიპაჟი დედამიწაზე დაბრუნდა. ათდღიანი მისიის განმავლობაში NASA-ს ასტრონავტებმა რიდ უაისმანმა, ვიქტორ გლოვერმა და კრისტინა კოხმა, ასევე კანადის კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტმა ჯერემი ჰანსენმა ათასობით ფოტო გადაიღეს.

სააგენტოს ინფორმაციით, მისიის მიმდინარეობისას პრიორიტეტი ოპერატიული მონაცემების გადაცემას ენიჭებოდა, რის გამოც საზოგადოებისთვის მხოლოდ მცირე რაოდენობის ფოტოები იყო ხელმისაწვდომი. ამჟამად კი NASA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულია 12 000-ზე მეტი სურათი.

ფოტოები საბოლოოდ NASA-ს პლანეტარულ მონაცემთა სისტემაში განთავსდება, სადაც სააგენტოს ყველა მისიის არქივი ინახება. მომავალში ასევე გასაჯაროვდება ეკიპაჟის ხმოვანი ჩანაწერები, რომლებიც მთვარის შემოვლისას გაკეთდა.

გამოქვეყნებული მასალა მეცნიერებს საშუალებას აძლევს, შეისწავლონ მთვარის ფერი და სიკაშკაშე, დააკვირდნენ მეტეოროიდების შეჯახების შედეგად წარმოქმნილ ციმციმებს, შეაფასონ შესაძლო დასაჯდომი ადგილები და გააანალიზონ მთვარის იშვიათი ატმოსფერო და მტვერი.