თბილისი (GBC) - ფასების შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ ფარმაცევტული ბაზრის რეგულირების ახალი რეკომენდაციები წარადგინა, რომელიც რეფერენტული ფასების სისტემის მნიშვნელოვან გაფართოებასა და მედიკამენტებზე ფასების საშუალოდ 40%-იან კლებას ითვალისწინებს.

კომისიის დასკვნით, ფასების ზედა ზღვრის დაწესების არსებულმა პრაქტიკამ ეფექტიანობა უკვე დაადასტურა, რამაც ბაზრის სტაბილურობის შენარჩუნების პარალელურად, სექტორში ზედმეტი მარჟები შეზღუდა.

საპარლამენტო ჯგუფი გამოდის ინიციატივით, რომ ფასების რეგულირება ბაზარზე არსებული, აქტიურად მბრუნავი მედიკამენტების მინიმუმ 60%-ზე გავრცელდეს. კომისიის პროგნოზით, აღნიშნული ნაბიჯი პირდაპირ აისახება მომხმარებლის ჯიბეზე.

„მიზანშეწონილია სისტემის გავრცელება აქტიურად მბრუნავი მედიკამენტების მინიმუმ 60%-ზე. შედეგად, მოსალოდნელია, რომ მოსახლეობას საშუალოდ 40%-ით შეუმცირდება ფასები იმ მედიკამენტებზე, რომლებზეც რეფერენტული ფასები დღეს არ მოქმედებს“, - ნათქვამია კომისიის დასკვნაში.

პარალელურად, რეკომენდაცია ითვალისწინებს ქრონიკული დაავადებების მართვის სახელმწიფო პროგრამის ეტაპობრივ გაფართოებას. ამჟამად პროგრამა 400,000 ბენეფიციარს მოიცავს და მისი ბიუჯეტი 70 მლნ ლარს შეადგენს, თუმცა კომისია დამატებითი მედიკამენტების ჩართვის აუცილებლობაზე მიუთითებს.

ბაზარზე კონკურენციის სტიმულირებისთვის, დოკუმენტი მედიკამენტების რეგისტრაციის პროცედურების ოპტიმიზაციას ითხოვს. კერძოდ, იგეგმება ბიოექვივალენტობის კვლევის მოთხოვნის მოხსნა იმ პრეპარატებისთვის, რომლებიც 10 წელზე მეტია მიმოქცევაშია ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) ან სხვა მკაცრი მარეგულირებლების იურისდიქციაში.

კომისიის შეფასებით, ეს ცვლილება მნიშვნელოვანია ადგილობრივი მწარმოებლებისთვის, რადგან შეამცირებს როგორც ფინანსურ, ისე დროით დანახარჯებს. გარდა ამისა, იგეგმება ეროვნული GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკა) სერტიფიცირების მექანიზმის გაძლიერება უცხოური მწარმოებლებისთვის, რაც ბაზარზე ახალი პროდუქციის სწრაფ შემოსვლას შეუწყობს ხელს.

რეფორმის ფარგლებში, კომისია ერთიანი, კოორდინირებული მონიტორინგის სისტემის დანერგვას ითხოვს. სისტემამ უნდა უზრუნველყოს:

  • რეგულაციების გავლენის მუდმივი ანალიზი, რათა არ მოხდეს ასორტიმენტის შემცირება ან ნაკლებად მომგებიანი მედიკამენტების ბაზრიდან გასვლა.
  • მედიკამენტების დეფიციტის პრევენცია მომწოდებლებთან ხელშეკრულებების პირობების გადახედვისა და უწყვეტი მიწოდების გარანტიების გზით.

კომისიის დასკვნა, რომელიც ფასწარმოქმნის ჯაჭვის გაჯანსაღებას ისახავს მიზნად, საშუალოვადიან პერიოდში ფასების დინამიკასა და პროდუქციის ხელმისაწვდომობაზე დადებით გავლენას მოახდენს.