თბილისი (GBC) - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, 12 მაისს, ოფიციალურ უქმე დღესთან დაკავშირებით, საბაჟო გამშვები პუნქტები, სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის დანაყოფები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.
უწყების განმარტებით, აღნიშნულ თარიღში საბაჟო მომსახურებაზე გავრცელდება საქართველოს მთავრობის №96 დადგენილებით განსაზღვრული, არასამუშაო დროისთვის დაწესებული ტარიფი.
ამავე განცხადების თანახმად, 12 მაისს ქვეყნის მასშტაბით არ იმუშავებენ მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრები და საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი. რაც შეეხება გაფორმების ეკონომიკურ ზონებს, მუშაობა შეჩერდება, გარდა რამდენიმე გამონაკლისისა: მუშაობას გააგრძელებენ გეზ „აეროპორტის“ საფოსტო გზავნილების საბაჟო კონტროლის სამმართველო, ასევე გეზ „ფოთისა“ და „ბათუმის“ შესაბამისი ჯგუფები, რომლებიც შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ დეკლარირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებას უზრუნველყოფენ. შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მომხმარებლებს, სერვისებით სარგებლობისას გაითვალისწინონ აღნიშნული სამუშაო განრიგი.