თბილისი (GBC) - აპრილში აშშ-ის კონტეინერების იმპორტი 5.5%-ით შემცირდა, რადგან იმპორტიორებს სავაჭრო პოლიტიკის გაურკვევლობასა და გეოპოლიტიკურ რისკებთან გამკლავება უწევთ. ამის შესახებ პარასკევს მიწოდების ჯაჭვის ტექნოლოგიების მომწოდებელმა კომპანიამ Descartes Systems Group-მა განაცხადა.
Reuters წერს, რომ კონტეინერებით იმპორტის მოცულობაზე გავლენა იქონია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ცვალებადმა სავაჭრო პოლიტიკამ და ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის - ენერგორესურსების მიწოდებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაზიდვის დერეფნის ჩაკეტვამ, რაც ქვეყანაზე აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებს მოჰყვა.
იმპორტის ტენდენციები აშშ-ის ეკონომიკის სიჯანსაღის საზომად მიიჩნევა - ის იზრდება, როდესაც ეკონომიკა ძლიერია და მცირდება ეკონომიკის დასუსტებისას.
Descartes-ის მონაცემებით, გასულ თვეში აშშ-ის საზღვაო პორტებმა 2 277 965 ოცფუტიანი ეკვივალენტის ერთეული (TEU) დაამუშავეს, რაც მარტის მაჩვენებლებთან შედარებით 3.2%-ით ნაკლებია. ეს არის აპრილის თვეში მოცულობების პირველი თანამიმდევრული კლება 2022 წლის შემდეგ.
მიუხედავად ამისა, გასული თვის იმპორტის მოცულობა დაახლოებით 19%-ით მეტი იყო პანდემიამდელ, 2019 წლის აპრილის მაჩვენებლებზე, რაც, კომპანიის განცხადებით, „ბაზისური მოთხოვნის მდგრადობაზე“ მიუთითებს.
თუმცა, 2026 წლის განვლილ პერიოდში აშშ-ის კონტეინერების იმპორტი ჯამში 5%-ით არის შემცირებული. ამავდროულად, ჩინური წარმოშობის კონტეინერების იმპორტი 2026 წლის აპრილში, წლიურ ჭრილში, 15.3%-ით შემცირდა და 680,778 TEU შეადგინა.
Descartes-ის პროგნოზით, იმპორტიორები, სავარაუდოდ, მიიღებენ „მოკლევადიან ფულადი ნაკადების სტიმულს“, რადგან აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის სააგენტო 12 მაისიდან ტარიფების პირველი ანაზღაურების გაცემას იწყებს. თუმცა, კომპანიამ გააფრთხილა სექტორი, რომ პოლიტიკური გაურკვევლობა და ხარჯების მხრივ ზეწოლა შენარჩუნდება, რადგან „ჩამნაცვლებელი ტარიფები ძალაში რჩება“.