თბილისი (GBC) - Lion Finance Group PLC-ის (LFG; ყოფილი Bank of Georgia Group PLC/BOGG) დირექტორთა საბჭომ დღეს აქციების გამოსყიდვისა და გაუქმების პროგრამის ₾55 მლნ-ით გაფართოება დაამტკიცა. 

პროგრამა შეესაბამება ჯგუფის კაპიტალის დაბრუნების პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავს დივიდენდის/აქციების გამოსყიდვის გადახდის კოეფიციენტის შენარჩუნებას წლიური მოგების 30-50%-ის ფარგლებში.

ჯგუფის განცხადებით პროგრამა უახლოეს პერიოდში დაიწყება და დასრულდება არაუგვიანეს კომპანიის 2026 წლის წლიური საერთო კრებისა (2026 წლის 22 მაისი). აქციების გამოსყიდვისთვის აქციონერთა უფლებამოსილების განახლება მოთხოვნილი იქნება 2026 წლის წლიურ საერთო კრებაზე. 

ჯგუფი აქციებს ღია ბაზარზე გამოისყიდის. გამოსყიდვის მიზანია ჯგუფის სააქციო კაპიტალის შემცირება, ხოლო გამოსყიდული ჩვეულებრივი აქციები ყოველთვიურად გაუქმდება.

პროგრამა განხორციელდება წინასწარ განსაზღვრული პარამეტრების ფარგლებში და 2025 წლის წლიურ საერთო კრებაზე მინიჭებული აქციების გამოსყიდვის ზოგადი უფლებამოსილების შესაბამისად. 

პროგრამის ფარგლებში გამოსასყიდი აქციების მაქსიმალური რაოდენობა 3,698,973 ერთეულს შეადგენს. კომპანიამ პროგრამის მმართველად Cavendish Capital Markets Limited დანიშნა. დახურული პერიოდების განმავლობაში კომპანიასა და მის დირექტორებს არ ექნებათ პროგრამაში ცვლილებების განხორციელების უფლებამოსილება და პროგრამა შესრულდება მხოლოდ Cavendish-ის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებით.

შეგახსენებთ, რომ წინა, პროგრამა LFG-მ მიმდინარე წლის 25 მარტს დახურა. კომპანიამ ბოლოს გააუქმა 141,978 სახაზინო აქცია, რომელიც გამოისყიდა 2026 წლის 25 თებერვალს გამოცხადებული ₾53.5 მლნ ლარის ღირებულების აქციების გამოსყიდვისა და გაუქმების პროგრამის ფარგლებში, რაც წარმოადგენდა 2025 წლის 20 აგვისტოსა და 20 ნოემბერს გამოცხადებული ₾98მლნ-იანი ღირებულების და ₾51.5 მლნ-ის ღირებულების აქციების გამოსყიდვისა და გაუქმების პროგრამების გაგრძელებას.

2025 წლის აგვისტოში კაპიტალის შემცირების პროგრამის დაწყებიდან გაუქმებული აქციების საერთო რაოდენობამ 639,647 ჩვეულებრივი აქცია შეადგინა. 

გამოსყიდული ყველა სახაზინო აქცია ამჟამად გაუქმებულია და 1 აპრილის მდგომარეობით, ჯგუფის ჩვეულებრივი, ხმის უფლების მქონე აქციების რაოდენობამ 43,223,929 შეადგინა (ხაზინაში 0).