თბილისი (GBC) - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მეცამეტე გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და ქვეყნიდან ჯარების გაყვანისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება საკითხის - „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ - ფარგლებში იქნა მიღებული. დოკუმენტში ორგანიზაციის წევრი 46 ქვეყანა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

მინისტრთა კომიტეტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაცია კვლავ არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. დოკუმენტის მიხედვით, მოსკოვი აგრძელებს უკანონო სამხედრო ყოფნას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.

გადაწყვეტილებაში წევრი ქვეყნები იხსენებენ 2023 წლის მაისის რეიკიავიკის ისტორიულ სამიტს და მოუწოდებენ რუსეთს საქართველოს ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაყვანისკენ. აღნიშნული რეზოლუცია ევროპის საბჭოს მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მხარდაჭერის მორიგი სამართლებრივი დასტურია.