თბილისი (GBC) - საქართველოს პროკურატურამ ოთხშაბათს, ჯაშუშობის ბრალდება წარუდგინა გიორგი უძილაურს, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პიარ-სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, ბრალდებული მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით, სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებზე, უსაფრთხოების სტრუქტურებსა და სხვა სტრატეგიულ საკითხებზე.

საგამოძიებო უწყების განმარტებით, უძილაური ამ საქმიანობაში იყენებდა როგორც სამსახურებრივ პოზიციას, ისე წარსულ კავშირებს, ხოლო უცხო ქვეყნის წარმომადგენლებთან კონსპირაციულ კომუნიკაციას დაშიფრული არხებით, პირისპირ ან ელექტრონულად ამყარებდა. გამოძიება ასევე მიუთითებს, რომ ბრალდებული მუშაობდა საინფორმაციო პლატფორმების შექმნაზე, რომელთა მიზანიც მედიასფეროს წარმომადგენლების მოზიდვა და მათი მეშვეობით რეგიონის ქვეყნებზე სადაზვერვო მონაცემების შეგროვება იყო.

გიორგი უძილაური, რომელიც 2016-2017 წლებში „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობდა, 5 მაისს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უახლოეს პერიოდში მიმართავს.