თბილისი (GBC) - საქართველოს რკინიგზაში განახლების პროცესი მიმდინარეობს, როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო მიმართულებით და კომპანიას უკვე აქვს მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები. ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ გადაცემა „იმედის კვირაში“ განაცხადა.
მისი თქმით, სამგზავრო მიმართულებით ინფრასტრუქტურის განახლება უახლოეს პერიოდში დასრულდება. მალე ამოქმედდება თბილისი-ახალციხის რეისი, ასევე მიმდინარეობს ხუთი მატარებლის კაპიტალური რემონტი და მოდერნიზება. ლაშა აბაშიძის განცხადებით, უახლოეს მომავალში ყველა რეისი თანამედროვე მატარებლებით შესრულდება.
რაც შეეხება სატვირთო მიმართულებას, საქართველოს რკინიგზამ 45 ახალი მაგისტრალური სატვირთო ელმავლის შესყიდვის მიზნით საერთაშორისო ტენდერი უკვე გამოაცხადა.
„გვეყოლება აბსოლუტურად ახალი, თანამედროვე ელმავლები. ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სატვირთო გადაზიდვების მიმართულებას, რაც რკინიგზას და სატვირთო გადაზიდვებს უფრო სწრაფსა და ეფექტურს გახდის. ამასთანავე, კომპანიას გაეზრდება შემოსავალი, რომლითაც ახალი პროექტები დაფინანსდება“, - აღნიშნა ლაშა აბაშიძემ.
