თბილისი (GBC) – აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განხორციელებისას ელექტრონული ნებართვების (E-Permit) სისტემის გამოყენება დაიწყო. ამის შესახებ აზერბაიჯანის სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში (AYNA) განაცხადეს.
უწყების ინფორმაციით, შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა 8-9 აპრილს ბაქოში გამართულ საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების საკითხებზე აზერბაიჯან-საქართველოს შერეული კომისიის სხდომაზე მიაღწიეს. სისტემის ინტეგრაციის ტექნიკური სამუშაოები მაისში დაიწყო და წარმატებით დასრულდა.
საპილოტე ეტაპის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა და საქართველომ თავდაპირველად გაცვალეს 1 000 ორმხრივი, 1 000 სატრანზიტო და 1 000 „მესამე ქვეყნის“ ნებართვა. ელექტრონული ნებართვების გაცემა გადამზიდავებისთვის უკვე დაიწყო.
საქართველო მეხუთე ქვეყანაა, რომელთანაც აზერბაიჯანმა E-Permit-ის სისტემა დანერგა. სისტემა მანამდე თურქეთთან, უზბეკეთთან, ყირგიზეთსა და ყაზახეთთან თანამშრომლობით ამოქმედდა.
AYNA-ს ცნობით, გადამზიდავებს ელექტრონული ნებართვების მიღება დისტანციურად, 24 საათის განმავლობაში, კვირაში შვიდი დღის მანძილზე შეუძლიათ. სისტემის დანერგვა ნებართვების მიღების პროცესს დააჩქარებს, ადმინისტრაციულ პროცედურებს გაამარტივებს და საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების სფეროში გაციფრულებას შეუწყობს ხელს.
