თბილისი (GBC) - სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წელს საერთაშორისო რეზერვების შევსება განაგრძო. ივნისის მდგომარეობით, ქვეყნის მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმა $7.1 მლრდ შეადგინა.

მხოლოდ ივნისში, Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად, სების წმინდა შესყიდვებმა $612.6 მლნ შეადგინა. ჯამურად კი, 2026 წლის იანვარ-ივნისში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა $2 მლრდ-ს მიაღწია.

2026 წლის პირველ ნახევარში სების მიერ Bmatch-ით განხორციელებული სავალუტო ინტერვენციების დინამიკა თვეების მიხედვით ასე გამოიყურება:

  • იანვარი: წმინდა შესყიდვა - $86.6 მლნ 
  • თებერვალი: წმინდა შესყიდვა - $429.3 მლნ 
  • მარტი: წმინდა გაყიდვა - $16.2 მლნ
  • აპრილი: წმინდა შესყიდვა - $333.3 მლნ 
  • მაისი: წმინდა შესყიდვა - $632.9 მლნ 
  • ივნისი: წმინდა შესყიდვა - $612.6 მლნ

ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ბანკის გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, სებ რეზერვების შევსებაზეა კონცენტრირებული და ქვეყნის მარაგებს ყოველთვის ზრდის, როდესაც ამის შესაძლებლობას ბაზარი იძლევა.

სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი 2026 წლის 25 აგვისტოს გამოაქვეყნებს.