თბილისი (GBC) - თურქმენული კომპანია Eziz Doganlar Keramika, რომელიც კერამიკული ნაწარმის მწარმოებელია, ქართულ ბაზარზე შესვლას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქმენეთის მედია ავრცელებს

კომპანიამ მონაწილეობა თურქმენეთ-საქართველოს ბიზნესფორუმში მიიღო, სადაც საკუთარი პროდუქცია - კერამოგრანიტი, კერამიკული ფილები და სანიტარულ-ტექნიკური ნაწარმი წარადგინა.

ფორუმის ფარგლებში Eziz Doganlar Keramika-ს წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ქართულ ბიზნესწრეებთან. კომპანიის პროექტების მენეჯერის, გადამ ხოშვაგტოვის განცხადებით, საქართველოში მათ მიერ წარმოებულ კერამოგრანიტსა და სანტექნიკურ ნაწარმზე მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება.

ღონისძიების მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მაღალი ხარისხიდან გამომდინარე, თურქმენულ პროდუქციას აქვს პოტენციალი, საქართველოს ბაზარზე მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს.

ცნობისთვის, Eziz Doganlar Keramika-ს თანამედროვე საწარმოო კომპლექსი ოფიციალურად 2025 წელს გაიხსნა. კომპანია თურქმენეთის ერთ-ერთი მსხვილი კერძო მწარმოებელია, რომელიც აქტიურად მუშაობს ასორტიმენტის გაფართოებასა და საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციების გამყარებაზე.