თბილისი (GBC) – ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი დაამტკიცა, რომელიც ენერგეტიკის, ფინანსების, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის, სამთო-მოპოვებითი სექტორის, ტრანსპორტისა და კრიპტოვალუტების სფეროებს მოიცავს. ახალ სანქცირებულთა სიაში სულ 218 ფიზიკური და იურიდიული პირია, მათ შორის 48 ადამიანი და 170 ორგანიზაცია.
ფინანსურ სექტორში შეზღუდვები 94 რუსულ ბანკსა და ფინანსურ ორგანიზაციას შეეხო. სანქციები ასევე დაწესდა რუსეთის ტრანსსასაზღვრო გადახდების სისტემასთან A7 დაკავშირებულ ოთხ სტრუქტურაზე და 14 კრიპტოსერვისების პლატფორმაზე, რომლებიც საქართველოში, პანამაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მარშალის კუნძულებზე, ყირგიზეთსა და ბელარუსში არიან რეგისტრირებული. ევროკავშირმა პირველად შექმნა შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, სრულად აკრძალოს კრიპტოსერვისების მიწოდება მესამე ქვეყნების კომპანიების მიერ, თუ ისინი რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.
ენერგეტიკის სექტორში სანქციები შეეხო რუსულ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებსა და ნავთობის ინდუსტრიის სხვა კომპანიებს. ევროკავშირმა ასევე დააწესა ტრანზაქციების აკრძალვა საქართველოში, ყულევში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ობიექტზე, რომელიც, ევროკავშირის შეფასებით, რუსული ნავთობით ვაჭრობასა და გადამუშავებას უკავშირდება. აღნიშნული აკრძალვა ძალაში ექვსი თვის შემდეგ შევა.
სანქციების ახალი პაკეტი ასევე ითვალისწინებს შეზღუდვებს რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 41 გემზე, 50-ზე მეტ სამხედრო-სამრეწველო და სამთო-მოპოვებით კომპანიაზე, ასევე იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, რუსეთს მაღალი ტექნოლოგიების შეტანაზე დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლაში ეხმარებიან.
ევროკავშირმა ასევე შეინარჩუნა რუსულ ნავთობზე მოქმედი ფასის ზედა ზღვარი და გააფართოვა მექანიზმები, რომლებიც რუსული ნავთობის გადამამუშავებელ საწარმოებთან ტრანზაქციების შეზღუდვას ითვალისწინებს, მათ შორის მესამე ქვეყნებში მოქმედ ობიექტებთან.
