თბილისი (GBC) – ესპანეთის მთავრობამ მადრიდის რეგიონსა და პროვინცია ავილაში მასშტაბური ტყის ხანძრების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ხანძრებმა რეგიონებში დაახლოებით 11 500 ადამიანის ევაკუაცია გამოიწვია, წერს ესპანური მედია.

მადრიდის რეგიონში სამი ტყის ხანძრის გამო 10 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ხანძრები ვილია-დელ-პრადოში, სან-მარტინ-დე-ვალდეიგლესიასსა და ტოლედოს პროვინციის ალმოროქსში გაჩნდა.

ავილაში, ქალაქ ბურგოჰონდოში, ოთხშაბათს გაჩენილი ხანძრის გამო ელ-ტიემბლოს მუნიციპალიტეტში ტურისტული კომპლექსიდან და საცხოვრებელი რაიონიდან 1 500 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ესპანეთი ამჟამად ბოლო პერიოდის ყველაზე მასშტაბურ ტყის ხანძრებს ებრძვის. გვადალახარის პროვინციაში ხანძარმა „ლა-მიერლამ“ 32 ათასი ჰექტარი მოიცვა. ხანძარი კვლავ აქტიურია, თუმცა ვითარება გაუმჯობესებისკენ მიდის და ევაკუირებული 34 მუნიციპალიტეტიდან ზოგიერთში მოსახლეობის დაბრუნება უკვე შესაძლებელი გახდა.