თბილისი (GBC) – საქართველოს ეროვნული ბანკი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში კომპანია Inter RAO-ს სანქცირებას ეხმაურება და განმარტავს, რომ აღნიშნული სუბიექტი სს „თელასის“ არაპირდაპირი მფლობელია, თუმცა თავად „თელასი“ სანქცირებულ პირთა სიაში შეყვანილი არ არის.

სების განცხადებით, სს „თელასი“ წარმოადგენს კრიტიკული მნიშვნელობის მქონე მომსახურების მიმწოდებელ კომპანიას, რომლის შეუფერხებელი ფუნქციონირება სასიცოცხლოდ აუცილებელია მოსახლეობისა და ქვეყნის ეკონომიკისთვის.

„საერთაშორისო სანქციების მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი, მისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს შესაბამისი მიდგომების გამოყენებას, რათა, ერთი მხრივ, დაცული იყოს სანქციების მოთხოვნები, ხოლო, მეორე მხრივ, გათვალისწინებული იქნეს კრიტიკული მნიშვნელობის მქონე მომსახურებების უწყვეტობა“, - აღნიშნულია მარეგულირებლის განცხადებაში.

ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ სანქციებთან დაკავშირებული საკითხების შეფასებისას მხედველობაში მიიღება კონკრეტული გარემოებები, მათ შორის განსახორციელებელი ოპერაციების ხასიათი და მიზნობრიობა.

შესაბამისად, მოქმედი სანქციების მოთხოვნების, სების რეგულაციების, ბანკების შიდა პოლიტიკისა და რისკის შეფასების მიდგომების გათვალისწინებით, ქართული კომერციული ბანკები სს „თელასის“ მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში გააგრძელებენ.