ნათია თურნავა - სარეზერვო მინიმალური მოთხოვნების 5%-ით შემცირება მომავალში ბანკებს მისცემს შესაძლებლობას უფრო დაბალ პროცენტში შესთავაზონ სესხი მცირე ბიზნესს
თბილისი (GBC) - სარეზერვო მინიმალური მოთხოვნების 20%-მდე შემცირება მომავალში ბანკებს მისცემს შესაძლებლობას უფრო მიმზიდველი პირობებითა და დაბალ პროცენტში შესთავაზონ სესხი მცირე ბიზნესს, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საუბრისას განაცხადა.
ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის ერთობლივმა კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე დროებით გაზრდილი სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი, კვლავ წინანდელ დონეზე დაებრუნებინა და 5 პროცენტული პუნქტით შეამცირა. ამასთან აღსანიშნავია, რომ ფინანსური დოლარიზაციით გამოწვეული რისკების შერბილება ეროვნული ბანკის მნიშვნელოვან ამოცანად რჩება. გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, ეროვნული ბანკი ინდუსტრიასთან კოორდინაციით, მაკროეკონომიკური გარემოსა და რისკების შესაბამისად და ასევე სარეზერვო ნორმის კორექტირების პოტენციური ეფექტის გათვალისწინებით, დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის განხორციელებას განაგრძობს. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 750 000-დან 1 000 000 ლარამდე გაიზარდა. ცვლილება ძალაში 2026 წლის 1 ივლისიდან შევა.
ნათია თურნავას თქმით, კომიტეტმა საქართველოს საბანკო სისტემა შეაფასა, როგორც კეთილსაიმედო და მედეგი, რომელსაც აქვს საუკეთესო აქტივების ხარისხი, რისკები გადაზღვეულია მაღალი ლიკვიდობით, ასევე მაღალი კაპიტალის ბაზრებით.
„საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას განაგრძობს. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სარეზერვო მინიმალური მოთხოვნები 25%-დან შეგვემცირებინა 20%-ზე. ეს შესაძლებლობას მისცემს ბანკებს, რომ უფრო მიმზიდველი პირობებით, უფრო დაბალ პროცენტში შესთავაზონ სესხები მცირე ბიზნესს, რაც იმავდროულად ფინანსურ სტაბილურობასაც შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.