თბილისი (GBC) – Georgia Capital-ის (GCAP) შვილობილი, პერიოდული ტექინსპექტირების კომპანია გრინვეი ჯორჯია (GWG) 2025 წლის განმავლობაში 548,125 ავტომობილს მოემსახურა (+22.1% y.y), საიდანაც 467,689 პირველადი ინსპექტირება იყო. აღნიშნული მაჩვენებლით გრინვეიმ ბაზრის 42%-იანი წილი დაიკავა. 

2024-ში GWG 448,827 ავტომობილს მოემსახურა, აქედან 393,580 პირველადი ინსპექტირება იყო. აღნიშნული მაჩვენებლებით, 2024-ში გრინვეი ბაზრის 40%-იან წილს იკავებდა.

ბიზნესის შემოსავალი წინა წელთან შედარებით 32.3%-ით გაიზარდა და 4Q25-ში ₾7.6 მლნ შეადგინა, ხოლო 2024-თან შედარებით 19%-ით ზრდა და ₾27.8 მლნ-იანი შემოსავალი დააფიქსირა 2025-ში. 
GCAP-ის განმარტებით, ზრდა განპირობებული იყო ინსპექტირების რაოდენობის ზრდით 4Q25-ში 38.6%-ით (y.y) და 22.1%-ით (y.y) FY25-ში. 

საოპერაციო ხარჯები 4Q25-ში 31.4%-ით გაიზარდა (y.y), ხოლო +17.3%-ით FY25-ში (y.y), რაც ძირითადად ბიზნესის გაფართოებასთან დაკავშირებული ხელფასის ხარჯების ზრდას ასახავდა. შესაბამისად, 4Q25-ში EBITDA 37%-ით გაიზარდა და ₾3.8 მლნ შეადგინა, ხოლო FY25-ში კი +23.8% და ₾15.2 მლნ. 

რაც შეეხება 1Q26-ს, ბიზნესის შემოსავალი წინა წელთან შედარებით 25.8%-ით გაიზარდა და ₾6.7 მლნ-ს მიაღწია. ზრდა განპირობებული იყო კვარტალში მომსახურებული ავტომობილების რაოდენობის 32.3%-იანი წლიური ზრდით. საოპერაციო ხარჯები 6.2%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად ბიზნესის გაფართოებასთან დაკავშირებული ხელფასის ხარჯების ზრდას ასახავდა. შესაბამისად, 2026 წლის პირველ კვარტალში EBITDA წინა წელთან შედარებით 38.9%-ით გაიზარდა და ₾3.5 მლნ-ს მიაღწია.