თბილისი (GBC) – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) შპს „საბა ინვესტის" მიერ შპს „მედეგის" 100 %-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებული კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად ცნო.

კონცენტრაციაში მონაწილე და მათთან დაკავშირებული პირები საქმიანობენ სამშენებლო, სარეაბილიტაციო და საპროექტო სამუშაოების მიწოდების სფეროში.

ბაზრის ანალიზის ფარგლებში, სააგენტოს მიერ სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ 2024 წელს სამშენებლო, სარეაბილიტაციო და საპროექტო სამუშაოების მიმართულებით ოპერირებდა 6 000-ზე მეტი ეკონომიკური აგენტი, ბაზრის საერთო მოცულობამ შეადგინა 18 859 222 588 ლარი. ბაზრის კონცენტრაციის HHI ინდექსი კონცენტრაციის განხორციელებამდე შეადგენდა 38.42 ერთეულს, ხოლო ტრანზაქციის შედეგად, მისი ცვლილების მაჩვენებელი (ΔHHI) 2.25-ს გაუტოლდა.

შესაბამისად, სააგენტომ დაადგინა, რომ ბაზარი დაბალკონცენტრირებულია. კონცენტრაციაში მონაწილე და მათთან დაკავშირებული პირების საბაზრო წილები კი საკმაოდ მცირეა და დაბალია ბაზრის კონცენტრაციის ინდექსის ცვლილების მაჩვენებელიც (ΔHHI).

GCCA-სთვის წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მლნ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი  5 მლნ ლარზე მეტია.  სააგენტოს გვერდის ავლით, მის მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი ჯარიმდება.

2026 წელს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ თანხმობა გასცა 4 კონცენტრაციაზე.